ადვოკატი - ბექა კვიციანის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს

არანაირი საფუძველი არ არსებობს ბექა კვიციანის დაკავების და შემდეგში მის მიმართ ბრალდების წარდგენის, - აღნიშნული განცხადება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა. ადვოკატის განმარტებით, გაუგებარია თავიდანვე რატომ მოხდა ბექა კვიციანის დაკავება.

„ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ მყარად, რომ აუცილებლად მოვითხოვთ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე იქნას დატოვებული. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ალტერნატივის სახით, იმის დასტურად, რომ მაქსიმალურად მოწოდებულები ვართ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, ასევე გირაოს შევთავაზებთ. მიმაჩნია, რომ არც ერთი კონკრეტული საფუძველი, თუნდაც იმ მინიმალური სტანდარტისთვის, რაც არის საჭირო პირის მიმართ კონკრეტული ბრალდების წარდგენისთვის, არ არსებობს. მასალების გაცნობამ და საქმის ვითარებამ გვაჩვენა, რომ ეს საფუძველი არ არსებობს და ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, რატომ მოხდა მისი დაკავება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შოთა მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაადეკვატური და არაკონტაქტურია და საჭიროებს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას.

„ერთადერთი, რასაც ამბობს ძალიან მოკლედ, არის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. მასთან კომუნიკაცია, როგორც მოგახსენეთ, ძალიან ძნელია და ჭირს. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სერიოზულ კვლევას საჭიროებს, რის გამოც დაუყოვნებლივ იყო შუამდგომლობა წერილობით ჩვენ მიერ დაყენებული და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მოკლე დროში დაენიშნება შესაბამისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის არის ფაქტობრივად არაადეკვატური, არაკონტაქტური და გარკვეული პრობლემებიც შეიქმნა მისი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროს უშუალოდ იქ მომსახურე პერსონალთან“, - განაცხადა ბექა კვიციანის ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა