საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა  მოუწოდებენ  ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები.

ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად. გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში