ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით გამწვავებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ ამერიკულ მხარესთან დასვა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის შედეგად მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და პროვოკაციულ მოქმედებებზე, რაც მიმართულია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ. მხარეებმა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მომავალ რაუნდზე განსახილველ თემებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების ზრუნველყოფისთვის. ლაშა დარსალიამ ამერიკულ მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ენდრიუ შოფერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა