კახა კალაძე IRI-ის კვლევაზე - თუ მთლიან ოპოზიციას "ოცნებაზე" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო?

გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. 2012 წლამდეც და შემდეგაც ყველა კვლევა რეალობასთან აცდენილი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას თუ მმართველ გუნდზე მეტი რეიტინგი აქვს, სანერვიულო არაფერი ჰქონია.

"ჩემი დამოკიდებულება, ჩვენი დამოკიდებულება თქვენ იცით ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, დღესაც არაფერი შეცვლილა, ისევ იმ აზრზე ვარ. მე პირადად გეუბნებით გულწრფელად, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს, რადგან სტატისტიკას თუ გადავხედავთ 2012 წლამდეც და შემდეგ მოყოლებულიც, შეგიძლიათ ნახოთ ყველა ჩატარებული კვლევა, რომელიც რეალობასთან აცდენილი იყო. მე არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია "ქართული ოცნების" მიმართ და პირადად ჩემს მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ასეთი პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმებს, თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად პროპორციულ სისტემას, როგორც კალაძე აღნიშნავს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შესაძლოა არც იცოდეს, რა სისტემაზეა საუბარი და რით განსხვავდება ის არსებული, შერეული სისტემისგან.

„ვთქვათ, თეორიულად ჩავთვალოთ, რომ ეს არის სწორი კვლევა, გამოკითხულიდან რამდენმა იცის და რამდენი ერკვევა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის განსხვავებაში? იყო ეს კითხვა დასმული? ადამიანთან რომ მიდიხარ და რაღაცას ეკითხები, თუ არ იცის, რა პასუხი უნდა გაგცეს? თეორიულად რომ ავიღოთ, რომ სწორია ეს კვლევა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? რა აქვთ სანერვიულო? თუ მთლიან ოპოზიციას პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოზე" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო? მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოსახლეობისთვის არის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. თვითონ საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს დეტალურად რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება არც უნდა იცოდეს, მათთვის არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნეს მოგვარებული და რომელსაც ვაკეთებთ. არ ვეთანხმებით ოპოზიციას, თუ მათ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვთ, პრობლემა არ ჰქონიათ, ჩატარდება არჩევნები და მოიგებენ. სხვათა შორის, 2012 წელს რომელი სისტემით მოიგო "ქართულმა ოცნებამ", იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი ჯიბეში ედო ერთ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს - ტელევიზიები, პრესა, ყველაფერი აბსოლუტურად. მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, განსხვავებულ აზრს ვერ გამოხატავდა. ოჯახი არ დარჩენილა საქართველოში ვისაც თავის თავზე, მეგობარზე, ნათესავები არ ეგრძნო ძალადობრივი რეჟიმი, რასაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობის მხარდაჭერით, მშვიდობიანად ზუსტად ამ სისტემით მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ასევე დემოკრატიულია. არ ვსაუბრობ იმაზე, რა დამოკიდებულება მაქვს, რას ვუჭერდი მხარს, არის ორი სისტემა, ორივე დემოკრატიული. 3 ათეული წელია ამ სისტემით მივდივართ. მოსახლეობამ იცის ვინ იქნება მისი წარმომადგენელი პარლამენტში, ეს სისტემა გუშინ ხომ არ მიგვიღია? გარკვეული ცვლილებები იყო ამ მიმართულებით და ახლაც იქნება ეუთო-ს მოთხოვნით, რომ ამ შერეულ სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, რაზეც პარლამენტი მუშაობს",- განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი  - „ოცნების“ „დაისი“ ახლოვდება, ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას  და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია
პირველი დამოუკიდებელი სარეკლამო სტუდია 29 წელს ითვლის
ტერაბანკი BDO Digital-თან პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს
პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა