დავით ბაქრაძე - IRI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“  ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში დამარცხდება

IRI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში დამარცხდება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, კვლევაში სამი ძირითადი, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიკვეთა.

„ამ კვლევაში ჩანს სამი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - პირველი, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, 78% მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მეორე - „ქართული ოცნების“ რეიტინგი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ოპოზიციის ჯამური რეიტინგი და მესამე - ქვეყანაში არის მზარდი უკმაყოფილება, ეკონომიკური პრობლემებით, გაჭირვებით, მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებით და ქვეყნის არასწორი განვითარებით.

ეს სამი ფაქტორი ერთად კარგად ხსნის, თუ რა მოხდა წინა კვირაში, რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა. იმიტომ, რომ ამ კვლევის მიხედვით ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში „ქართული ოცნება“ დამარცხდება. ამ კვლევამ დასვა საბოლოო წერტილი დისკუსიაზე, რა მოხდა და რატომ მოხდა წინა კვირაში. ამასთან, ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა ტენდენცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში - მზარდი გაჭირვების, პრობლემების, შეუსრულებელი დაპირებების და არაპოპულარული მთავრობის ფონზე მოსახლეობას სჭირდება ცვლილებები; მოსახლეობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის შეცვლას და სამართლიან არჩევნებს. ხელისუფლების რესურსი დღეს დარჩა იმ უსამართლო სისტემის შენარჩუნებაში, რომლითაც იმედი აქვთ, რომ მოიგებენ 2020-ის არჩევნებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ - 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ასევე 5%. 4% ხმას მისცემდა "პატრიოტთა ალიანსს". 3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას“ მისცემდა, „ახალი საქართველოს“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ - 3%, „ლელოს“ - 2%, „გირჩს“ - 1%, „შენების მოძრაობას“ - 1%. სხვა პარტიები - 4%. რესპოდენტთა 32%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს/ არ იცის.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია