„ლელოს“ წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მთავრობის წევრებთან შეხვედრებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მთავრობის წევრებთან შეხვედრებს.

როგორც მიქაუტაძე აცხადებს, ერთადერთი ძალა, ვინც პასუხს აგებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, არის „ქართული ოცნება“. მისივე შეფასებით, ხელისუფლება ატყუებს საკუთარ ხალხს და ხელოვნურად ქმნის პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის წინაპირობებს, ამით ზიანს აყენებს თითოეულ მეწარმეს, რომელსაც მშვიდი გარემო სჭირდება ბიზნესის კეთებისთვის.

„შეურაცხყოფილი ხალხი თავისუფალ საზოგადოებაში, ბუნებრივია, მწვავედ რეაგირებს ტყუილსა და პირობის დარღვევაზე. მაშინ, როცა დაკარგულია ნდობა ხელისუფლების მიმართ, შეუძლებელია განსხვავებული განწყობა სუფევდეს ბიზნესწრეებში. შეუძლებელია, ბიზნესი ენდოს მთავრობას, რომელიც ანგარიშს არ უწევს საკუთარ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას. შეუძლებელია, იფიქრო ბიზნესის გაფართოებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, თუ არ გაქვს ელემენტარული გარანტია, რომ გექნება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრისა თუ შსს-დან გადმობარგებული ბიზნესომბუდსმენის შეხვედრები ცალკეულ ბიზნესმენებთან არის სრული ფიქცია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამიჯნოს ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისგან. სანამ არ აღდგება სტატუს-კვო და მმართველი პარტია არ შეასრულებს მიცემულ პირობას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ბიზნესმენებს ვურჩევ, ნუ მოიტყუებენ თავს და ნუ შეხვდებიან მთავრობის წევრებს. ნუ გახდებიან, ნებსით თუ უნებლიედ, იმ დიდი სპექტაკლის მონაწილეები, რომელსაც ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი ჰქვია“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს