ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ თბილისში ერთი დიდი ლოგისტიკური ცენტრის ნაცვლად, რამდენიმე მცირე ლოგისტიკური ცენტრი შეიქმნას

ეკონომიკის სამინისტრო თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ახალ კონცეფციაზე მუშაობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ერთი დიდი ლოგისტიკური ცენტრის ნაცვლად, რამდენიმე მცირე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების პროექტი ჩამოყალიბდეს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა ეტაპზეა 170 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტი, რომელთა ინვესტორები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა შერჩეულიყვნენ, მინისტრი აცხადებს, რომ მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა ინვესტორის მოზიდვა, ამიტომ დღის წესრიგში პროექტის კონცეფციის გადახედვის საჭიროება დადგა.

„ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ინტერესი და აუცილებლობა არის ძალიან დიდი, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჩვენ ვერ მოვიზიდეთ ისეთი ინვესტორი, რომელიც ამ ფორმით და ამ მასშტაბის პროექტს დააფინანსებდა. ვფიქრობთ, რომ უნდა გადავხედოთ თვითონ კონცეფციას.

ქუთაისთან დაკავშირებით ვმუშაობთ და შესაძლოა, არსებული კონცეფციის ფარგლებში მოხდეს დაინტერესებული ინვესტორის მოზიდვა. რაც შეეხება თბილისის ლოგისტიკურ ჰაბს, დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნით და ინტერესით სარგებლობს მცირე ლოგისტიკური ჰაბების კონცეფცია. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში პოტენციურ ინვესტორებს თბილისში ერთი დიდი ჰაბის მაგივრად რამოდენიმე შედარებით უფრო მცირე, მოქნილი და ეფექტური ჰაბის კონცეფცია შევთავაზოთ, რაზეც ნამდვილად არის მოთხოვნა“, - განაცხადა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, მინისტრის თქმით, „ბაზარი დინამიურია. ჩვენ ყოველთვის პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს და გვიჭირავს კიდევაც, დავუშვათ, თუ რაღაც კონკრეტული ფორმით შეთავაზება არ ამართლებს, ჩვენ ვაახლებთ და ვაუმჯობესებთ მას, სწორედ ასე მოხდება თბილისის ლოგისტიკური ჰაბის შემთვევაშიც.“

შეგახსენებთ, გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრის განვითარების სურვილი ხუთმა კონსორციუმმა გამოხატა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გამარჯვებული კომპანია 2018 წლის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყო.

ცნობისთვის, თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულება 95 მლნ აშშ დოლარი, ქუთასისი ლოგისტიკური ცენტრისა კი - 73 მლნ აშშ დოლარია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა