თავდაცვის მინისტრმა ატლანტაში ოგლეტორპის სახელობის ჯილდო მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯეიმს ედვარდ ოგლეტორპის სახელობის ჯილდო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირმა გამორჩეული სამსახურისთვის და საქართველოსა და აშშ-ის შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

როგორც ჯილდოს გადაცემისას აღინიშნა, “სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულების, თავდადებისა და განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის ჯილდოვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ - პრემიერ-მინისტრი, ის ყოველთვის ეძებდა და პოულობდა გზებს გაეძლიერებინა და განემტკიცებინა ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამისა და ურთიერთობის სხვა მრავალი საშუალების გამოყენებითა და ამოქმედებით ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულად განხორციელებაში. როგორც თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენს გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და განამტკიცოს ქვეყნის შესაძლებლობები, რათა წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ეს მიღწევები, სამხედრო სამსახურის საუკეთესო ტრადიციების კვალდაკვალ, ასახავს მის პირად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ქართული სახელმწიფოს უდიდეს დამსახურებას.”

საქართველოსა და აშშ-ის, ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ატლანტაში ვიზიტის ფარგლებში აღინიშნა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში გაიმართა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი მიესალმა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაში ყურადღება ოფიცრების, სერჟანტებისა და სამხედროების როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს. „ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-თან ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას, რადგან ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიულ ფასეულობებს, ვახორციელებთ სამხედრო მიმართულებით ტრანსფორმაციას და მივისწრაფით ნატოში ინტეგრაციისკენ. ამერიკა ჩემი ქვეყნის - საქართველოს ურყევი მხარდამჭერია. ყველა ქართველი თქვენი მადლიერია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო კუთხით არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებსა და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სტრატეგიული კავშირი აშშ-სთან კიდევ უფრო გაძლიერდება.

სტუმრებისთვის საქართველოსა და აშშ-ის შორის 25-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ვიდეოპრეზენტაციაც მოეწყო.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა