18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ირაკლი ნადირაძე სხდომათა დარბაზიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
საკრებულოს წევრის გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო. ირაკლი ნადირაძის გაძევების მიზეზი მის მიერ გამოთქმული ხმამაღალი პროტესტი იყო.
"მე 4 შვილის მამა ვარ, ვცდილობ, მისაბაძი მამა ვიყო და ჩემს შვილებს პოლიციელების და ჯარისკაცების სიყვარულით ვზრდი. არც ერთი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ წარმოდგენილი არ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით პოლიციელი იყო სამკერდე კამერით წარმოდგენილი. ეს პოლიციელები არ ყოფილან ჩემი დამკავებლები, ისინი ხელმძღვანელობის დაკვეთას ასრულებენ. ეს პროცესი სამართლიან სასამართლოს არ ჰგავს. გუშინ ყოველ ნახევარ საათში პროცესის გადადება ნიშნავდა იმას, რომ თქვენ მითითებებს ელოდით. ეს არის საერთო-სახალხო ბრძოლა. მნიშვნელობა არ აქვს ციხეში ვიქნებით თუ გარეთ, ბრძოლას გავაგრძელებთ", -განაცხადა ნადირაძემ.
ამასთან, სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფის გამო, მოსამართლემ კიდევ ერთი პირი, დიმიტრი ბიძინაშვილი გააძევა. "გარედან ვუყურებ ამ ცირკს, იმიტომ რომ ბილეთები არ მიყიდია", - განაცხადა ბიძინაშვილმა.