საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება IRI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI)“ ბოლო კვლევის მიხედვით მოქალაქეთა მხრიდან, საქართველოს პროფესიული კავშირების მიმართ ნდობა 22%-ია და 7-8%-ით აღემატება ამავე ორგანიზაციის წინა წლების კვლევებში მოყვანილ მონაცემს.

მიუხედავად ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, უნდობლობას უცხადებენ, როგორც IRI-ის, აგრეთვე მის კვლევასაც.

პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში წერია, რომ „როგორც წინა წლებში იყო, დღესაც ნათელია „საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის" კვლევების რეალური მიზანი და განზრახვა: "ძირს პროფკავშირები! ნეოლიბერალიზმი ყველგან და ყოველთვის!".

„IRI - პროფკავშირებისადმი მტრულად განწყობილი ინსტიტუტია მთელ მსოფლიოში და საქართველოს პროფკავშირებისა და არა მარტო ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების და ათასობით რესპოდენტის გამოკითხვის მიხედვით, მსგავსი საქმიანობით საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს და თავად მის მიმართ ნდობა გააჩნია რესპოდენტთა 0.05%, ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 99.5%.

მიუხედავად იმისა, რომ „ინსტიტუტმა" ბოლო გამოკითხვის მიხედვით 22%-იანი ნდობის მაჩვენებელი მიანიჭა პროფკავშირს და გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მისი საქმიანობის მიმართ უარყოფითად იმაზე ნაკლები ადამიანია განწყობილი, ვიდრე სასამართლოს, პრეზიდენტის ოფისის, ეროვნული ბანკის და მთავრობის მიმართ, სრულებით გაუგებარია რატომ გამოიკვლია იგი იმ ინსტიტუტების გვერდით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წინა წლებშიც არაერთხელ გამოხმაურებია IRI-ის საქმიანობასა და კვლევებს. დღესაც აღვნიშნავთ, რომ გასაკვირია, წლების განმავლობაში რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევებში საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალმილიონიან დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, ინსტიტუტების და უწყებების გვერდით პროფკავშირების მოხსენიება მაშინ, როდესაც საქართველოს პროფკავშირებს არანაირი შეხება არ გააჩნია საქართველოს ბიუჯეტის თანხებთან და არც უნდა გააჩნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პროფკავშირები არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ემორჩილება მხოლოდ დასაქმებული ადამიანების - პროფკავშირების წევრების მიერ შექმნილ წესდებას და ხელმძღვანელობს მისი ყრილობისა და გამგეობის გადაწყვეტილებებით.

ასევე, ხაზგასასმელია ის საკითხი, რომ თუკი რესპუბლიკური ინსტიტუტის მიზანი პროფკავშირების, როგორც სოციალური დიალოგის მონაწილის შეფასებაა, გასაკვირია რატომ არ აფასებს დამსაქმებელთა გაერთიანებების და საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციებისადმი მოსახლეობის განწყობებს, ალბათ იმიტომ, რომ საყოველთაოდაა ცნობილი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილი და მხარდამჭერი დამოკიდებულება ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და კაპიტალისტების სხვა მსგავსი კლუბებისადმი და მათ სავარაუდოდ ნულოვან პოპულარობას მათი საეჭვო რეპუტაციის კვლევებითაც კი ვერ მოუხერხებდნენ რამეს და შესაბამისად, ვერც საქვეყნოდ გაამჟღავნებდნენ.

ისევე, როგორც წინა წლებში იყო, დღესაც ნათელია „საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის" კვლევების რეალური მიზანი და განზრახვა: "ძირს პროფკავშირები! ნეოლიბერალიზმი ყველგან და ყოველთვის!"- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა