ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო.

როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„ეს აბსოლუტურად სწორია. ალბათ, სჯობდა ცოტა ადრეც რომ გაკეთებულიყო. ეს ნაბიჯი იმისკენაა გადადგმული, რომ ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც აუცილებელია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. თავის დროზე, როდესაც ეს შეზღუდვა შემოვიდა, იმას ემსახურებოდა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილიყო და დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულიყო, მაგრამ ეს იყო ხელოვნური მოთხოვნა და მის უკან რეალური ეკონომიკური საფუძველი არ იდგა“,- აცხადებს ლადო პაპავა.

ამასთან, ლადო პაპავა ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების სესხების ზრდამ პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას და ახლა ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს, ეს კი თავის მხრივ, სესხს აძვირებს და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

„ეროვნულმა ბანკმა დაუშვა მთელი რიგი შეცდომები და დღეს ვიმკით სწორედ ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას, რომელიც იყო რეფინანსირების სესხის უზომოდ გაზრდაში. ბოლო 5 თვის განმავლობაში მილიარდ ნახევარი ლარითაა რეფინანსირების სესხები გაზრდილი. ესაა დამატებითი ფულის მასა, რომელიც პრობლემებს უქმნის მთელს ქართულ ეკონომიკას, ლარსაც და ინფლაციასაც.

ორი პრობლემის წინაშე დავდექით, ერთი მხრივ, ეროვნულ ბანკს არ უნდა ინფლაცია გაიზარდოს, რომლიც უკვე ორჯერ და მეტად მაღალია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, მეორე მხრივ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას, რადგან აძვირებს კრედიტს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო