მამუკა არეშიძე - ოპოზიცია საერთო ტაქტიკაზე ვერ ჩამოყალიბდება, სული კბილით უჭირავს, რომ იტყვიან

ოპოზიცია საერთო ტაქტიკაზე ვერ ჩამოყალიბდება. სული კბილით უჭირავს, რომ იტყვიან, მათთვის ერთად ჯდომა შინაგანად აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშეიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან მოგებული ვერც ოპოზიცია დარჩება და ვერც ხელისუფლება, ეს ვითარება კი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. აქედან გამომდინარე, არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი აუცილებელია.

ამასთან, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების დაბოქლომებით არის დაკავებული, საზოგადოება არ ენდობა და იმის გარდა, რომ ეს ქმედება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, ქვეყნის ფუნქციონირების რიტმსაც დაარღვევს.

„ამ ხალხს საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა. აქედან გამომდინარე, დაბოქლომება ქვეყნის ფუნქციონირების რიტმის დარღვევის გარდა, სხვას არაფერს მოიტანს. „ლელო“, უსუფაშვილი და ზოგიერთი სხვა ამ ტიპის მოქმედებებს ემიჯნება, სტრატეგიაში თანხმდება მთლიანად ოპოზიცია, ტაქტიკაში არა.

ხელისუფლებამ კომპრომისი უნდა აირჩიოს, აუცილებელია შექმნილ ვითარებაში კომპრომისის მოძებნა, რადგან ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაში ვარდება, რომელიც თავისი განვითარების დინამიკით არის სუსტი. ამიტომ, ჯიბრში დგომა საჭირო არ არის. შეიძლება არ იყოს კომპრომისი პროპორციულის ძველ ვარიანტთან დაბრუნება, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აქვს აზრი. ეპატიჟებიან, პარლამენტში გავაგრძელოთ დებატებიო, მაგრამ რადგან ოპოზიცია არის კონსოლიდირებული, ამიტომ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან უნდა გაგრძელდეს საუბარი, რომ კონსენსუსი შედგეს.

ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაც ასეთია.

ვერც რადიკალური ოპოზიციონერი გაიმარჯვებს და ვერც ხელისუფლება დარჩება კმაყოფილი იმ ვითარებით, რაც ქვეყანაშია. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელიც თეორიული დებატებით არის დაკავებული, მათთვის ხომ არანაირი პერსპექტივა არ იქნება, მაგრამ არ შეიძლება ასე, მარტო შიდა პოლიტიკით არ უნდა დავკავდეთ, უნდა გავითვალისწინოთ გლობალური პოლიტიკის ზოგიერთი ნიუანსი, ჩვენ სხვებიც გვიყურებენ,“- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო