ვანო მაჭავარიანი - ამ ეტაპზე ივანიშვილი კომფორტულადაა, ვიდრე საერთაშორისო ზეწოლა არ იქნება

ნებისმიერი რადიკალიზმი, რომელიც ოპოზიციის გარკვეულმა გაღიზიანებულმა ნაწილმა პროტესტის გამოხატვის დროს შეიძლება გამოიჩინოს, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ იქნება გამოყენებული, რომ შექმნას „სტაბილურობის“ გარკვეული საფრთხობელა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ევროპას და ამერიკას შეუძლია პირდაპირი ნაბიჯები გადადგას, რომ თავიდან აიცილოს საქართველოში ერთპიროვნული, ერთპარტიული მართვის ჩამოყალიბება 2020 წელს.

“ქუჩაში ოპოზიცია გამოიყვანა ივანიშვილის შეუსრულებელმა დაპირებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს არის ბუნებრივი პროტესტი და ფორმა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ არის ის, რომელიც ყურადღებას იქცევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რადიკალიზმი, რომელიც შეიძლება ამ პროტესტის გამოხატვის დროს გამოიჩინოს ოპოზიციის გარკვეულმა გაღიზიანებულმა ნაწილმა, იქნება გამოყენებული ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ შექმნას „სტაბილურობის“ გარკვეული საფრთხობელა, რომელზეც ასე უხვად გვესაუბრნენ მაჟორიტარი დეპუტატები იმის საბაბად, რომ არ მიეღოთ სამართლიანი პროპორციული საარჩევნო სისტემა. ერთი რამ ცხადია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც არის კამპანიური ხასიათის, იქნება ეს „დაბოქლომება“, თუ დემონსტრაციები ქუჩაში, თუ არ იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხელშეწყობილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია ეფექტიანი კომუნიკაცია, ეს ძალისხმევა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ივანიშვილისთვის საფრთხის შემცველი ნაკლებადაა.

ევროპას და ამერიკას შეუძლია პირდაპირი ნაბიჯები გადადგას, რომ თავიდან აიცილოს საქართველოში ერთპიროვნული, ერთპარტიული მართვის ჩამოყალიბება 2020 წელს. ამის გამოცდილება და შესაძლებლობა მათ აქვთ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მარტო არ დარჩეს თავის თავთან და რუსეთთან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ის მიზანი, რომელიც საქართველომ და მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა ქვეყნის შემდგომი ნორმალური, დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის, საფრთხის წინაშე დგას“.

„მიმაჩნია, რომ არაძალადობრივი, ხშირი აქციები არა მარტო დედაქალაქში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტის მუხტი არსებობს, თავის გამოხატულებას უახლოეს პერიოდში იპოვის. მაგრამ აუცილებელია მეტი კომუნიკაცია და ძალისხმევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მსგავს ნაბიჯებს ქვეყანა შეყავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ჩიხში და არის ძალიან სახიფათო განვითარება. ამაზე კი, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ ივანიშვილი კომფორტულად არის, მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო ოპოზიცია, მის მმართველ გუნდშიც მნიშვნელოვანი პერსონალიები გაემიჯნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვიდრე არ იქნება საერთაშორისო ზეწოლა, არ იქნება საერთაშორისო მექანიზმები ამუშავებული საქართველოსთან მიმართებაში ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ივნიშვილისთვის ეს პროტესტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნიშანი, რას უნდა ელოდოს შემდგომში და ამ ეტაპზე ის თავს გარკვეულწილად კომფორტულად გრძნობს“, - განაცხადა მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს