პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და როინ ხიჯაკაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან მარია კალიურანტთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, აღნიშნული შეხვედრის ძირითადი განხილვის საგანი ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო.
მათივე ცნობით, კალიურანტი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ.
„ორივე მხარის მიერ აღინიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებული აფიორა არანაირად არ წაადგება არც საქართველოს პოლიტიკური სისტემის განვითარებას და არც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას“. აგრეთვე განხილული იქნა საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაპირისპირების მოგვარების პროცესში ევროპარლამენტის შუამავლობის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებები უახლოეს დღეებში გაკეთდება.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს, „რომელთა მთავარი ამოცანა კვლავაც ივანიშვილის რეჟიმის იზოლაცია და მისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება რჩება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.