ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი ფრუიძეს - თუ დაგვარწმუნებთ, რომ თქვენზე გავლენას ვერ მოახდენენ ეკონომიკის მინისტრი, პრემიერი, „რიჟა“ და სხვები, დავრწმუნდები, რომ შესაძლებლობა გექნებათ რაღაც გააკეთოთ

თუ თქვენ დაგვარწმუნებთ იმაში, რომ თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს ეკონომიკის მინისტრი, თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს მაგალითად, პრემიერ-მინისტრი, „რიჟა“, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, მე დავრწმუნდები, რომ თქვენ რეალურად შესაძლებლობა გექნებათ რაღაც გააკეთოთ, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი ფრუიძეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამ წუთებში ფრუიძეს უსმენენ, გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რამდენად გაუწევს ფრუიძე წინააღმდეგობას ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს.

„განცდა გაქვთ ბატონო გიორგი, რომ რეალურად მარეგულირებელი ხართ და არ არსებობს თქვენზე პოლიტიკური გავლენები? თუ მე თქვენ ამაში დამარწმუნებთ, რა თქმა უნდა, მეცოდინება, რომ მეტნაკლებად ეფექტური იქნება თქვენი საქმიანობა. თუ თქვენ დაგვარწმუნებთ იმაში, რომ თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს ეკონომიკის მინისტრი, თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს მაგალითად, პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, „რიჟა“, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, მე დავრწმუნდები, რომ თქვენ რეალურად შესაძლებლობა გექნებათ რაღაც გააკეთოთ.

ამ ადამიანებმა თავისი უბედური და კორუფციული სქემები გადმოიბარეს კეზერაშვილიდან. ჩვენ ხომ რეალურად არაფერი შეგვიცვლია ამ ქვეყანაში, არც პარლამენტში არაფერი შეგვიცვლია, არც ბიზნესში, სასამართლო და პროკურატურაც იგივე დავტოვეთ. სახელები და გვარები შეიცვალა და ნაკლებად მანიაკალური დამოკიდებულებაა მოქალაქეების მიმართ, არ სიამოვნებთ და არ აწამებენ, დანარჩენი იგივე დავტოვეთ. რაც გადმოვიბარეთ და არ შევცვალეთ, ეს ქმნის პრობლემას. ხართ თუ არა მზად რეალურად იყოთ მარეგულირებელი კომისიის წევრი და იმ გავლენებს, რომელიც ჩემი აღქმით არსებობს ამ ქვეყანაში, ნამდვილად გაუწიოთ წინააღმდეგობა?“, - ჰკითხა ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი ფრუიძეს.

თავის მხრივ გიორგი ფრუიძემ აღნიშნა, რომ შეფასებებში შესვლის უფლება და სურვილი მას არ აქვს.

„მე არ მაქვს პოლიტიკური ამოცანა რაღაც სურათი დავხატო. ჩემი შეგრძნება თუ გაინტერესებთ, მე არ ვიცი ვინ რა გადმოიბარა. ვიცი, რომ ჩემს წინა სამუშაო ადგილზე ბევრი რამ არის გაკეთებული, ბევრ რამეში წინ ვართ წაწეული. ჩემი გავლილი გზა არსებობს, არც ის დამიმალავს როცა საბრძოლო იყო. რასაც სწორად არ მივიჩნევ, იმას ვერავინ გამაკეთებინებს“, - განაცხადა ფრუიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გიორგი ფრუიძის კანდიდატურა აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება მას მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს შეუწყდა. გიორგი ფრუიძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით 3 ოქტომბერს თავად მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ფრუიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“ - ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო