გია ვოლსკი - ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა

დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა საზოგადოებას 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

„თავი ვალდებულად მივიჩნიეთ, შევახსენოთ ისტორიული ფაქტები იმ ახალგაზრდებს, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ხანა არ ახსოვთ და შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, 2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზეც განისაზღვრა, რომ 235 დეპუტატის ნაცვლად, ქვეყანას 150 დეპუტატი უნდა აერჩია პარლამენტში. კონსტიტუციაში, 2005 წლის 23 თებერვალს,უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგანაც 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს. 2008 წლის 12 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 25%-ით შეამცირა, მაჟორიტარების სასარგებლოდ ანუ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მხარს უჭერდა, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ებრძოდა ამ იდეას. მანიპულაციები ამით არ დასრულებულა. 2011 წლის 27 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემორანდუმი გააფორმა თავის სატელიტ პარტიებთან („ქდმ“, „ახალი მემარჯვენეები“, „ედპ“, „ჩვენ თვითონ“) რომელთა შემადგენლობის დიდი ნაწილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი აქციების ავანგარდში დგას. ამ მემორანდუმის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაზრდილიყო, 40 მაჟორიტარი დეპუტატის დამატების ხარჯზე. გავიხსენოთ ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ეს მოძალადე, ანტიდემოკრატიული რეჟიმი, სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა და ჩამოაშორა ხელისუფლებას”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში.

„მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში. მიმდინარე წლის 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ერთ დღესაც არ ჩაუვლია „ქართული ოცნების“ მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვაგვარი პერფორმანსების, აქციების და ესოდენ პოპულარული - ,,ფეიკ-ნიუსების“ გარეშე. ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ, რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ - შესაძლებელია კი, ისეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა?! დღევანდელი მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს, ეს ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს გვიწყობენ ჩვენ, ვინც რეალურად განვახორციელეთ ცვლილება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, არ აქვს გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი. ამიტომ, ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი „კმარელების“ გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიზნების მიღწევას. მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე, შესაბამისად, ნებისმიერ სამართლადარღვევას, მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ და იქვე მაგალითისთვის მოიყვანა დეპუტატ მერაბ ქვარაიას მაგალითი.

ვოლსკის თქმით, ქვარაია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უსამართლოდ იჯდა ციხეში და დღეს კვლავ გახდა უკვე ახალი თაობის ბრუტალური შეტევის სამიზნე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სათანადო შეფასება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა