ომბუდსმენი - 18 ნოემბერს დაკავებულების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო.

„2019 წლის 19-20 ნოემბერს დასრულდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის სასამართლო განხილვა, სადაც 10 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა 1 პირს - ჯარიმა, ხოლო ერთს სიტყვიერი გაფრთხილება შეეფარდა. ორივე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სასამართლო განხილვების მიმდინარეობას. ამ პირთა დაკავების შემდგომი და სასამართლო პროცესი საპროცესო დარღვევებით წარიმართა, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს“- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, დაკავებულების თქმით, „არ იცოდნენ დაკავების საფუძველი, არ ჰქონდათ ნანახი დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ის პირები, ვინც გაეცნენ ოქმებს, კატეგორიულად უარყოფდნენ მათში ასახულ ინფორმაციას“.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებული პირები პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში მოინახულეს. მათი ნაწილი უთითებდა, რომ არ იცოდნენ დაკავების საფუძველი, არ ჰქონდათ ნანახი დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ის პირები, ვინც გაეცნენ ოქმებს, კატეგორიულად უარყოფდნენ მათში ასახულ ინფორმაციას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული 20 პირი, რომლებიც სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ეზოში მოინახულეს. ეს პირები რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილებით ისხდნენ საპატრულო პოლიციის მანქანებში. რამდენიმე მათგანმა დააფიქსირა, რომ არ ეძლეოდათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა; ასევე არ ჰქონდათ ოჯახის წევრებისთვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და არც ის იცოდნენ, თავად პოლიციამ შეატყობინა თუ არა ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელი.

საგულისხმოა ისიც, რომ სამინისტროს შენობასთან მისულ ადვოკატებს აყოვნებდნენ, რაც დაკავებულებთან მათ შეხვედრას დამატებით ართულებდა. აღნიშნული პრობლემა სახალხო დამცველის რწმუნებულების ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა“- აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, ნიშანდობლივია, რომ 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას.

ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა.

სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო და საქმის გაჭიანურების გამო მოქალაქეთა თავისუფლება არაგონივრული ვადით არ შეზღუდულიყო.

რაც შეეხება უშუალოდ სხდომების მიმდინარეობას, სახალხო დამცველი განსაკუთრებით გამოყოფს ისეთი კატეგორიის დარღვევებს, რომელთაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:

სასამართლოში პოლიციის მიერ წარმოდგენილ ერთადერთი სანდო და ნეიტრალური მტკიცებულების - ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისას, პირთა და მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევათა ზუსტი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რასაც, წესით, ადმინისტრაციული პატიმრობის სახდელად გამოყენება იმთავითვე უნდა გამოერიცხა.

უკიდურესად სამწუხაროა, რომ პოლიციელებმა არ წარმოადგინეს სამხრე კამერების ჩანაწერები, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობა სამხრე კამერების ვიდეო-ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით სასამართლომ გაუგებარი მიზეზით არ დააკმაყოფილა.

შედეგად, შეუძლებელი გახდა ეჭვების გაქარწყლება იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა დაკავების ოქმებზე ხელმომწერი პოლიციელები რეალურად შემთხვევის ადგილზე და მათ დააკავეს თუ არა მომიტინგეები. ამ ეჭვების გაღვივებას დამატებით შეუწყო ხელი იმანაც, რომ პოლიციელთა განმარტებები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. პოლიციელები ვერ იხსენებდნენ დაკავების დეტალებს, ვერ ამოიცნეს პირები, რომლებზეც აცხადებდნენ, რომ მათ დააკავეს, ვერ გაიხსენეს დაკავების ადგილი და სხვა გარემოებები.

მოცემული განხილვის ფარგლებში, დაცვის მხარეს არ მიეცა საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლებით რეალურად სარგებლობისთვის. მას შემდეგაც კი, რაც მოსამართლემ თავად არ გამოითხოვა პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერები, მან არც დაცვის მხარეს მისცა საკმარისი დრო ვიდეოჩანაწერების მოსაპოვებლად და სასამართლოსთვის წარსადგენად. სხდომის მხოლოდ ერთი ან ორი საათით გადადება არათუ დაცვის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის აღმოჩნდა საკმარისი, არამედ თავად პოლიციელებმაც კი ვერ მოასწრეს, გაცნობოდნენ იმ მასალას, რომელიც სასამართლოში წარადგინეს.

მოსამართლემ გაუმართლებლად მცირე დრო განუსაზღვრა ადვოკატებს დაცვის უფლების უმთავრესი კომპონენტის - მოწმეთათვის კითხვების დასმისა და საბოლოო პოზიციის წარმოსადგენად. რამდენიმე შემთხვევაში, ადვოკატებისთვის განსაზღვრული დრო მხოლოდ რამდენიმე წუთს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა.

საბოლოო ჯამში, 19-20 ნოემბრის სასამართლო განხილვებმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები. კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს. ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები და ეს სასამართლო განხილვებიც ადასტურებს, რომ კოდექსი მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს პარლამენტმა ახალი ნორმატიული აქტი. სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა 2019 წლის ივნისში სასამართლო მეგობრის მოსაზრებით კონსტიტუციური სარჩელზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებზე საუბრობს და მიუთითებს, რომ სასამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტებს. ამ მუხლებზე განვითარებული სასამართლო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, არ აკისრებს ოქმის შემდეგ პირს/ორგანოს მტკიცების ტვირთს, სასამართლოს - დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება“- ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს