ნათია თურნავა - ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, საქართველომ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური არჩევანის შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით თანამშრომლობის ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავა ფორუმზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია. დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

მინისტრმა ასამბლეის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განსაკუთრებული ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. ნათია თურნავას განცხადებით, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური არჩევანის შესახებ. „ჩვენ ერთგული ვართ ევროკავშირის ენერგობაზრის ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებიც დაფუძნებულია ბაზრის გახსნილობასა და კონკურენტუნარიანობაზე, მიწოდების უსაფრთხოებაზე, განახლებადი ენერგიის დანერგვასა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ვალდებულებებზე, რომელთაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის დაახლოების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდა ენერგოეფექტურობის სტრატეგიული ჩარჩო კანონმდებლობა, რომელშიც გაერთიანებულია სამი კანონი (ენერგოეფექტურობის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეტიკეტირების და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ). ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტებს უკვე განიხილავს.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისადმი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის (E5P) ფონდი, რომელიც მიმართულია, წაახალისოს ინვესტიციები ენერგოეფექტურობის მიმართულებით და გარემოსდაცვითი პროექტები ჩვენს რეგიონში. ყველა ასეთ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისა და მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ E5P - ის ასამბლეაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა, ასამბლეაზე მოხსენება გააკეთეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების - უკრაინის, ბელარუსის, სომხეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებმაც.

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) 200 მილიონი ევროს მოცულობის მრავალ-დონორიანი ფონდია, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით. ფონდი დაფუძნდა შვედეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წელს, ევროკავშირში შვედეთის პრეზიდენტობის პერიოდში. საქართველოსთვის E5P-ის 23 მილიონი ევროს ოდენობის ფონდი აქვს. E5P-ის გრანტებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ასპექტების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და პოლიტიკურ დიალოგს. E5P-ის გრანტები მოქმედებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სესხებთან ერთად მუნიციპალური ინვესტიციებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი შენობების იზოლირება.

ამ ეტაპზე, E5P - ის ეგიდით საქართველოში 4 პროექტია განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 76.8 მლნ ევრო, საიდანაც E5P - ის გრანტმა 16,4 მლნ ევრო შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს