ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - მგონი, უბრალოდ სულელები არიან

წერა-კითხვის უცოდინარი ორი ადამიანი - ივანიშვილი და კალაძე დაგვცინის ამხელა ხალხს - ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ამ სიტყვებით შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ მზადყოფნა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩაატაროს.

ბერძენიშვილი მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააჟღერა და მას „დაცინვა“ უწოდა.

„რა უნდა ვთქვა?! ძალიან არასერიოზულია. 2020 წელს რა იქნება ვის აინტერესებს, ან ის, რაც ისედაც გვაქვს 2024 წელს, რატომ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ?! კალხა კალაძე ეტყობა საერთოდ არ არის დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი რამეში ერკვევა, ოდნავ მაინც. ასეთი დაცინვა როგორ შეიძლება? ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ცინიზმი და კიდევ ნიშანი იმის, რომ როგორიც თვითონაა ინტელექტუალურად, ასეთი ჰგონია მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, უცხოეთი, მსოფლიო, თურმე კალაძის სასაცილოები ვყოფილვართ. ეგ ორი - კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს დაუჯდეს და ერთმანეთს დასცინონ. ეს ორი წერა კითხვის უცოდინარი დაგვცინის ამხელა ხალხს - ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება კალაძის მიერ გაჟღარებულ მეორე ინიციატივას, რომელიც ზოგიერთ საარჩევნო ოლქში კანდიდატების არდაყენებას შეეხება, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ ინიციატივით პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა ვერ მოხდება.

„სისულელეა, მაგას ვინ ენდობა? ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ. ყველაფერი ნანახი აქვს ამ ქვეყანას უკვე. ამ განცხადებით თუ აპირებენ ჩაახშონ ეს მოძრაობა და დაწიონ ტემპერატურა, მგონი, უბრალოდ სულელები არიან“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა