დავით მათიკაშვილი - კიდევ ერთხელ რომ ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ

კიდევ ერთხელ რომ ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „პოლიტიკური მოწინააღმდეგე არ იქცევა სათანადოდ“.

„პოლიტიკა არის ცოცხალი პროცესი. პოლიტიკაში ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. პირადად მეც ვისურვებდი, რომ მიღებულიყო და 2020 წლისთვის გადასულიყო ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე. თუმცა ახლა ამის რესურსი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა, მე ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული. მე შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა წესი და პირიქით, მაჟორიტარები დაამატა 2010 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად.

პარტია, რომელიც დაობს, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს დაპირებებს, საკუთარ პარტიაზე მოირგო კონსტიტუცია. 2020 წელს ჩატარდება დემოკრატიული სისტემით არჩევნები - შერეული სისტემა გახლავთ სრულიად დემოკრატიული და თავსებადი იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას გააჩნია. პოლიტიკური მოწინააღმდეგე არ იქცევა სათანადოდ. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთას აქვს პოლიტიკური, დესტრუქციული დღის წესრიგი. მათმა საქციელმაც გარკვეული როლი ითამაშეს ამ პროცესში და ეს საზოგადოებამ დაინახა. ვიმეორებ, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება იმ მოდელით, რაც კონსტიტუციაში გვაქვს, ხოლო 2024 წლიდან გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან წევრების წასვლას, როგორც მათიკაშვილი აცხადებს, პარტიიდან არავინ მიდის.

„გუნდი არის ერთიანი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა