სახალხო დამცველმა მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო პროცესის მონიტორინგი განაახლა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლო პროცესის მონიტორინგი აღადგინა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

დღეს პირველად არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას ბრალდებული კალანდია. აღნიშნულის მიზეზი ადვოკატისთვის უცნობია და როგორც თოდუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მოსანახულებლად ხვალ შევა.

„სახალხო დამცველმა ამ საქმეზე მონიტორინგი აღადგინა, რასაც მივესალმები. სახალხო დამცველთან ერთად მოგვიწევს იმ დარღვევების დაფიქსირება, რაც ხდება.

ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო თავად ბრალდებული პროცესზე არ გამოცხადებულა. თუმცა, წარმოდგენილი იყო მისი განცხადება, სადაც ის ითხოვდა მის გარეშე გაგრძელებულიყო სასამართლო განხილვა. ნამდვილი მიზეზის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ გამაჩნია. ხვალ დილიდან შევამოწმებ ფაქტობრივ გარემოებებს", - განაცხადა თოდუამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 5 მოწმის ნაცვლად, ბრალდების მხარემ 3 მოწმე დაკითხა. საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

"მოწმეთა შორის, ერთ-ერთი პირი გახლდათ სწორედ ის მოწმე, რომელმაც 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული მ.კ. და ამ დანაშაულში მსჯავრდებული გ.ჯ. შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოიყვანა და მიიყვანა კალანდიების სახლის მიმდებარედ. მან დაადასტურა ზემოხსენებული ფაქტი ზედმიწევნით.

რაც შეეხება, დაცვის მხარის განცხადებებს, თითქოს, რაიმე სახის დარღვევებს აქვს ადგილი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში და სწორედ ამის იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს სახალხო დამცველმა, ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვაცხადებთ, საერთოდ გაუგებარია, რომელ დარღვევებზე საუბრობს დაცვის მხარე. ამასთან, დასწრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან სახალხო დამცველის ერთ-ერთი უფლებამოსილება გახლავთ, სასამართლოს მონიტორინგი განახორციელოს და შემდეგ გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. დაველოდები მათი მხრიდან კონკრეტულ შეფასებას, კონკრეტულ დასკვნას", - განაცხადა ქვარცხავამ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა