ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ IDFI -დან აცნობეს, ალბომში შესულია აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო და ფოტო მასალა, ასევე ვრცელი ანოტაციები და კარლო ჩხეიძის ბიოგრაფიული და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველი დეტალები.

ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დიექტორი; გიორგი კეკელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი; გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; ანტონ ვაჭარაძე - ალბომის შემდგენელი; ისტორიკოსები, მკვლევარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„მოხარულები ვართ, რომ წილად გვერგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უდიდესი მოღვაწის, კარლო ჩხეიძის ღვაწლის დაფასება. კარლო ჩხეიძე იყო ის ევროპული ყაიდის პოლიტიკოსი, რომელიც იმ დროსაც აკლდა და ახლაც ძალიან აკლია ქართულ პოლიტიკას. როდესაც ჩვენს პოლიტიკოსებს მივუთითებთ პასუხისმგებლობაზე და აღვნიშნავთ ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსების მაგალითებს და მათ სოციალურ პასუხისმგებლობას, მათ გვერდით შეგვიძლია ამაყად ვახსენოთ კარლო ჩხეიძის, კონსტანტინე გვარჯალაძის და სხვების მაგალითებიც“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ამავე დღეს, 25 ნოემბერს, ზურაბ ჭავჭავაძის (N4) ქუჩაზე გაიხსნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის და კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალურ დაფები. სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1917-1921 წლებში) და კონსტანტინე გვარჯალაძე (სავარაუდოდ 1908 - 1921 წლებში).

კარლო ჩხეიძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიაში და დიდი როლი ითამაშა თებერვლის რევოლუციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. იმპერიის დაშლის შემდეგ კი ის გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის საპარლამენტო ორგანოებს - ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებას. 1919 წლიდან ის იყო პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. მისი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წევრების ძალისხმევით, საქართველომ მსოფლიოს თანამეგობრობის მრავალი ქვეყნის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, კარლო ჩხეიძეს პარიზში მოუწია ემიგრირება, სადაც კვლავ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ცდილობდა საქართველოს დეოკუპაციას. 1926 წელს ავად მყოფმა და მორალურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილა კარლო ჩხეიძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.

ღონისძიების ორგანიზატორია IDFI, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი, პროექტის „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ