დავით ზალკალიანი -  ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მინდა დავარწმუნო,  რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი

მინდა ბატონი ვაჟას ოჯახს კიდევ ერთხელ მივმართო და დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი და საკომუნიკაციო არხი უმაღლეს დონეზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირისა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის გაეროს მიმართულებით, ვისთანაც არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წერილობით მიმართვას საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საუბრობს ამ თემაზე და ზალკალიანის ყველა ვიზიტი, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არის დაგეგმილი, აუცილებლად იქნება გამოყენებული ამ საკითხის გადასაჭრელად.

“ეს წუთია დავასრულე შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და მასთანაც მქონდა ამ საკითხზე საუბარი. ხვალ მექნება შეხვედრა ჩემ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან და მასთანაც ვისაუბრებ ამაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კომუნიკაციის შესახებ რაც მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კოლეგებთან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი და დღემდე აქვს კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასევე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული პროცესების განვითარების შესახებ და აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან, რომელიც პირველივე დღიდან არის უშუალოდ ინფორმირებული და პროცესში ჩართული.

დავით ზალკალინის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.

„ჩვენმა მისიებმა მაქსიმალურად წამოსწიეს ეს საკითხი ყველა არსებულ ფორმატში. გაეროში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე. ჩვენმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დააყენა ეს საკითხი ეუთოს მუდმივ საბჭოში, რასაც გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც პირადად არის ინფორმირებული. ამ კვირაში ჩავდივარ სტრასბურგში, სადაც გადმოვიბარებ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და იქაც, ევროპის საბჭოში, ამ საკითხის შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის გენერალური მდივნის დონეზე და ინფორმაციასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართანაც. ჩვენი ელჩი ჟენევაში მუდმივად, რეგულარულად ხვდება წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ეს საკითხი, რომელიც პოლიტიკური შემადგენელის გარდა მძიმე ჰუმანიტარული კონტექსტის მატარებელია, სათანადოდ იყოს აღქმული და შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მისივე განცხადებით, მისი დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან შეხვედრა გამართა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რადგან აუცილებელია ოჯახმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო მიმართავს ყველა ძალისხმევას მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა