კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

თბილისის მერის თქმით, პროგრამა გრძელდება და იმედოვნებს, რომ თბილისში კიდევ ბევრ ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.

„ამ პროექტის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვისაუბრე ამ პროექტთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ჩვენ დავეხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებდათ. ადამიანები წლები ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, ბინებში და სხვადასხვა პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეის მდგომარეობით 800-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გადავეცით საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მინდა ვუთხრა, მიმართონ მათი რაიონების გამგეობებს. იქ ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ თქვენივე საცხოვრებელი ფართების დაკანონება შეძლოთ. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად დიდ დიღომში ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა