გენადი არველაძე - ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება

ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ჩვენმა მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ - განცხადება ამის შესახებ ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გააკეთა.

ის ჩეხეთის ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ამ ქვეყნის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირისა და ვაჭრობის საკითხებზე მარტინა ტაუბეროვამ. ღონისძიებას 40 - მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის სექტორის ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სექტორის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ, რომელსაც ჩეხეთში საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„ჩეხეთი საქართველოსთვის რამდენიმე გარემოებითაა საინტერესო. ჯერ ერთი, ყოველწლიურად იზრდება ჩეხი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც ძალიან მივესალმებით. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ, რა გზა გაიარა ჩეხეთმა, როგორც განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამ. ვფიქრობ, შევძლებთ, ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ასევე ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩეხეთის ტუროპერატორებსა და ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს პრეზენტაცია ჩაუტარა საქართველოს ტურისტული ბაზრისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა