საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა

26 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა გაუძღვნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში ასევე მონაწილეოება მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების მიმართულებით. თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს ჩეხეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნებს შორის DCFTA-ის ფარგლებში მიღწეული სიკეთეების მაქსიმალურად გამოყენების მიმართულებით.

კომისიის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს და დასახეს კონკრეტული წინადადებები და ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ჩეხეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ამასთან, ჩეხეთიდან საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომისიის ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია ჩეხური ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, თხილის, თაფლის და აკვაკულტურის პროდუქტების ჩეხეთის ბაზარზე წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, ქართული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ამასთან, მას ნიშურ ბაზარზე სათანადო ადგილის დამიკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობით საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა, მხარეები კი აგრძელებენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსასაზღვრად. ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტო კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა