დავით ზალკალიანი ჰაიკო მაასს - მოწმეები ვართ,  როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებს, გერმანიის სწრაფვა გაერთიანებისკენ ჩვენთვის შთაგონების წყაროა

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ყოველდღიურად, ჩვენ მოწმეები ვართ, თუ როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებსა და მათ საკუთრებას, გერმანელი ხალხის დაუღალავი სწრაფვა გაერთიანებისკენ, ჩვენთვის შთაგონების წყაროა, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ მიულოცა ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლის იუბილე და ხაზი გაუსვა ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობას, როგორც გერმანიისთვის, ასევე მთელი ცივილური სამყაროსთვის.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო გერმანელ ხალხს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავი. ეს ისტორიული მოვლენა მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა, რამაც საგრძნობლად შეარყია საბჭოთა კავშირი და ბოროტების იმპერია. საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესებში და ჩემს კოლეგასთან შეხვედრაზე, ხაზი გავუსვით იმ საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე, მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ერთიანი მიდგომის აუცილებლობაზე.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანია. იქ ადგილი აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. მავთულხლართების გაბმა ოცდამეერთე საუკუნეში არის მიუღებელი და მაშინ როდესაც ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ქართველი ექიმი, რომელიც უკანონო ტყვეობაში გახლავთ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ჩვენ უშედეგოდ ვცდილობთ მის გამოხსნას და აქაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მკაფიო შეფასება აღნიშნული სიტუაციის“, - განაცხადა მინისტრმა.

მან საკუთარ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გერმანიის განსაკუთრებულ როლსა და მხარდაჭერას, მათ შორის ფუნქციური ინტეგრაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია გასცდეს ასოცირების ვალდებულებებს, რადგან საქართველოს და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრები. მინისტრმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში 2020 წლის შემდგომ მოლოდინებზე, და იმედი გამოთქვა რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი მიზნები ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე. ხაზი გაუსვა ასპირანტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური და შინაარსობრივად დატვირთული, როგორც დღეს. ხაზი გაესვა ასევე საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მინისტრმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა