დავით ზალკალიანი - ბერლინში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა

არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ვიდრე მათ არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა,- ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ბერლინიდან პირადად ესაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს და საქმის კურსში ჩააყენა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო მისი მეუღლის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, ბერლინში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორები დაპირდნენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებენ.

„ბერლინიდან, ტელეფონით ვესაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ქ-ნ თამილას. მინდოდა მისთვის პირადად, კიდევ ერთხელ, მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბ-ნ ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან.

პირველ რიგში, დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი ავლენს ამ კრიტიკულ მომენტში, მართლაც ფასდაუდებელია.

ჩემის მხრივ, დავარწმუნე ქ-ნ თამილა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად. ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გავმართე და რომელსაც გავმართავ, საუბრის მთავარი თემა სწორედ ბ-ნ ვაჟას უკანონო დაკავებაა.

ბუნებრივია, ამ საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემს კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან. ქ-ნ თამილას გავაცანი გერმანული მხარის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ისინი გმობენ მომხდარს და დაგვპირდნენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო მექანიზმს პრობლემის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად.

მიმდინარე კვირა მართლაც დატვირთულია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამბებით - საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იგეგმება ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა და ა.შ. მაგრამ, მერწმუნეთ, არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ვიდრე მათ არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო