მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი საქმის მოსამართლის შეცვლის გამო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გადაიდო. განხილვის გადადების პროცესში, დახურული სხდომის დარბაზიდან მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ხმაური ისმოდა. დარბაზიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუ რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება და მხოლოდ აღნიშნა, რომ „ხმამაღლა ყველას მისამართით საუბრობდა“.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურა თოდუამ განაცხადა, რამ გააღიზიანა ზაზა სარალიძე, ვერ დააკონკრეტებს.

„დარბაზში იმყოფებოდა ზაზა სარალიძე. მე მიყურებდა და ალბათ, მე ვყავდი მხედველობაში, მაგრამ ორივე მხარე გაგვაფრთხილა მისი შვილის უფლებების დარღვევაზე. ვერ გავიგე, თუ რამ გააღიზიანა ეს ადამიანი, მისი ეს აგრესია რით არის გამოწვეული, განსაკუთრებით, ჩემს მიმართ. ჩემი შვილის უფლებებს არღვევთო და არ ვიცი, ეს რაში გამოიხატება. საქმეში ჩართვის დღიდან, ცალსახად მაქვს დაფიქსირებული, რომ „საპირფარეშოს ბულინგთან" ზაზა სარალიძის შვილს არანაირი კავშირი არ აქვს. დათუნა სარალიძე იმ დროს იმყოფებოდა სკოლის მეორე სართულზე, სადაც კომპიუტერთან თამაშობდა, თუ რაღაც დავალებას ასრულებდა. როგორ აღმოჩნდა ხორავას 4 ნომერში, შემდეგ ვიტყვი. იქ განვითარებული მოვლენები უშუალოდ მასთან კავშირში იყო, მაგრამ ბულინგთან არანაირი კავშირი არ ჰქონია“, - განაცხადა თოდუამ.

რაც შეეხება დღევანდელი პროცესის გადადების მიზეზს, როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, ეს საქმის მოსამართლის შეცვლამ გამოიწვია. ადვოკატის განმარტებით, საქმის განმხილველი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო, რომელიც გიორგი არევაძემ ჩაანაცვლა. მისივე თქმით, ამ მიზეზით მათ სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა.

„სავარაუდოდ, ზემდგომ ეშელონებში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული მოსამართლის ჩანაცვლების შესახებ. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება რამდენად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, როცა უკვე მოწმეების ნახევარზე მეტი დაკითხულია და სასამართლო გამოძიების უდიდესი ნაწილი ჩატარებულია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სათადარიგო მოსამართლის ჩართვა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო ვითხოვეთ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შემდეგი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება", - განაცხადა ზურა თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა