უვადო მოსამართლეობის კანდიდატ  ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით,  ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი მია ზოიძე განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ხვალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა მოუსმინონ, ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი მია ზოიძე განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაში ზოიძე მოსამართლე ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი მისამართით მოსამართლემ დისკრიმინაციული, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გამოიტანა იუსტიციის სამინისტროს რიგი მაღალჩინოსნების მითითებით.

ადვოკატი მიუთითებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მასზე და მის ოჯახზე, კერძოდ მეუღლეზე, გიორგი ფანცულაიაზე მოხდა ანგარიშსწორება, ვინაიდან ისინი საკუთარი საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას სისტემას ღიად უპირისპირდებოდნენ. ზოიძის განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მია ზოიძის მიმართ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უხეში დარღვევები, ასევე დაადგინა დაღვევები სახალხო დამცველმა, ვასილ როინიშვილმა სხდომის გამართვის გარეშე დაუკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საჩივარი.

ადვოკატის განცხადებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას საეჭვოდ დაემთხვა რამდენიმე დღეში ვასილ როინიშვილის უზენაესის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად უვადო წარდგენა, რაც ზოიძის თქმითვე, მისი მხრიდან სახელმწიფოსთან დადებულ გარიგებაზე მეტყველებს. მია ზოიძის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

„2010 წლიდან ბათუმში, საიდანაც ვარ წარმოშობით, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ჩემი ბიურო მქონდა და ვმუშაობდი კერძო აღმასრულებლად.

2012 წელს იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის მოსვლის შემდეგ მდგომარეობა კერძო აღმასრულებლებისთვის შეიცვალა და დამძიმდა. მიზეზი იყო ის, რომ ეს ინსტიტუტი სერიოზულ კონკურენციას უწევდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და დღემდე აკეთებს ამ ადამიანების, კერძო აღმასრულებლების შევიწროება-დევნისთვის.

სხვათაშორის არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს გაკეთებული ოფიციალური განცხადება ამ თემაზე, მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებ გვერდზე დღემდე დევს წლების წინ მოკვლეული კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შევიწროვების ამსახველი ფაქტები.

იმ პერიოდში მომსახურებას ვუწევდი არაერთ სოლიდურ დაწესებულებას, მათ შორის „საქართველოს ბანკს“ აჭარაში, ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი სს „პროკრედიტ ბანკთან“, მიღწეული იყო შეთანხმება და ამ ბანკის ყველა საქმე აჭარაში აღსრულების ეროვნული ბიუროს ნაცვლად მე უნდა მეწარმოებინა, თუმცა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღეს, ბანკის შესასვლელთან მყოფს დამირეკეს აღსრულების ეროვნული ბიუროდან და მითხრეს რომ ჩემი კერძო აღმასრულებლის ლიცენზია გაუქმებულია.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ერთი საგულისხმო ამბავი, კერძოდ ის, რომ პირადი კონფლიქტი მქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, ვინმე ნიკოლოზ აზნაურაშვილთან. კონფლიქტი იმან გამოიწვია, რომ ამ სტრუქტურის თანამშრომლებმა მანამდე რამოდენიმეჯერ დამირეკეს საჯარო მოხელისთვის სრულიად უცენზურო ლექსიკით და ტერმინოლოგიით, რაც, როგორც შემდგომ გავიგე, ამ ორგანოს თანამშრომლებისთვის დამახასიათებელი გახლდათ, მათ ხომ დავალებული ქონდათ კერძო აღმასრულებლების შევიწროება. მას შემდგომ, რაც პროტესტი განვაცხადე ძველბიჭური საქმის გარჩევებზე და უბრალოდ კანონის ჩარჩოებში დაბრუნება ვითხოვე, ამის შემდგომ იყო აზნაურაშვილისგან ტექსტი, რომ იცი მე ვინ ვარ და რისი გაკეთება შემიძლია. ამ საუბრების შესახებ ბევრად ადრე, ვიდრე ლიცენზიის გაუქმებას შემატყობინებდნენ მოცემულ შემთხვევაზე მქონდა მიმოწერა დავით ჯანდიერთან, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა ამ ფაქტიდან საკმაოდ მალე წამოვიდა დაკავებული თანამდებობიდან, ეს მიმოწერა შესაბამისი თარიღით, რა თქმა უნდა, დღემდე არსებობს და წარედგინება აუცილებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. მაშინ დავითი ძალიან შეწუხდა და რეაგირებისთვის გადაუგზავნა მინისტრს, თუმცა ნიკოლოზ აზნაურაშვილი თეა წულუკიანისთვის კარგი შემსრულებელი და მნიშვნელოვანი კადრი იყო და ეს შემდგომში მის დაწინაურებაშიც გამოიხატა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თავდაპირველად ადეიშვილის კადრი გახლდათ, ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია ხელი ქალბატონი მინისტრისთვის.

ამ პერიოდისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იყო მიხეილ სარჯველაძე, დღევანდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. პროცედურულად ასეა, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია უგზავნის თავის დასკვნას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, რომელსაც რეკომენდაციას აძლევს ან გაფრთხილება მისცეს კერძო აღმასრულებელს, ან ლიცენზია გაუუქმოს. ჩემს შემთხვევაში სხვებისგან განსხვავებით, რადგან სისტემისთვის ურჩი კერძო აღმასრულებელი გახლდით და თან სერიოზული კონკურენტი აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, რამდენადაც მათი კლიენტი საბანკო დაწესებულებები ნელნელა გადმოდიოდნენ ჩემთან, გაიცა მითითება რომ ჩემთვის გაეუქმებინათ აღმასრულებლის ლიცენზია.

ამის შემდგომ ვხვდები მიხეილ სარჯველაძეს. მან მითხრა, რომ აი რა ვქნა მია, მე არაფერი შემეძლო, მიუხედავად იმისა რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მითხრეს შენზე, რომ ჭკვიანი გოგო ხარ და კარგი კადრი ხარ, მაგრამ „იმათ დამავალეს“. „იმათ“ გენერალური ინსპექცია და ნიკოლოზ აზნაურაშვილია, თუმცა ლიცენზიის გაუქმების ბრძანებაზე მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა დღემდე იწონებს თავს.

ფორმალურად, მთავარი ამბავი, რის გამოც ლიცენზია გამიუქმდა არის ის, რომ თითქოს მე დამიბარეს გენერალურ ინსპექციაში და არ გამოვცხადდი, ეს გახდა ჩემი პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა სამსახურებრივი შემოწმება დაწყებულია 2013 წლის 3 მაისს და საქმეში დევს ცნობა, თითქოს ერთი თვით ადრე, აპრილში მაცნობეს ინსპექციაში გამოძახების შესახებ. როგორ შეიძლება განიმარტოს, რომ თუ შემოწმება იწყება 2013 წლის მაისში, უფრო ადრე 2013 წლის აპრილში მაცნობო ჯერ არდაწყებული შემოწმების გამო გამოძახების თაობაზე.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჰაკერულად შემოაღწიეს ჩემს კომპიუტერულ პროგრამაში (რითაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული). ჩემი ქეისის შემდეგ დაინახა თეა წულუკიანმა საჭიროება და ბრძანებით მისცა დაშვება გენერალურ ინსპექციას კერძო აღმასრულებლების სამუშაო პროგრამაზე, თუმცა კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს და იმ დროს, როცა მე გამიუქმეს ლიცენზია, ასეთი ნებართვა არ არსებობდა.

ეს ძალიან მოკლედ, თორემ ბრძანებაში საოცრებები ბევრი წერია. საქმე იმაშია რომ არც ერთხელ, არც ერთ კერძო აღმასრულებელს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა არ მოუგია და ეს ყოვლისშემძლეობის განცდა უფლებას აძლევდა ამ სტრუქტურას ის ეკეთებინა, რაც უნდოდა, სამწუხაროდ ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა.

შემდგომ ამისა იწყება სასამართლო დავა და ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ - ერთი, რომ დავა მიმდინარეობს 2013 წლიდან დღემდე, 2019 წლამდე (ესეც ჩვენი ეფექტური და ადეკვატურ ვადებში მიმდინარე სასამართლო წარმოება), მეორე ამ განხილვას ორ წრეზე წასვლა დასჭირდა სასამართლოში.

პირველ წრეზე მოვიგე პირველი და მეორე ინსტანცია ხოლო უზენაესმა სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და სასამართლოებმა ჩემს სააქმეზე გააუქმეს სარჯველაძის ხელმოწერილი ბრძანება და დაავალეს ამ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოეცა ახალი აქტი. თქვენ გგონიათ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა პირისთვის და უწყებისთვის სახელმწიფოში - მართლა ყველას ეხება? მეც ასე მეგონა, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს არ ვრცელდება იუსტიციის სამინისტროზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკუთარი შეხედულებებისამებრ შეცვალა და სასამართლოსგან განსხვავებული პოზიცია დადო, ანუ ისევ მეორედ გამოსცა ჩემთვის ლიცენზიის გაუქმების ბრძანება, პირველი ხომ სასამართლომ გააუქმა.

მერე იწყება მეორე წრე, ამჯერად სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნით, აქაც ვიგებ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებს და მოულოდნელად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი წარმოებაში იღებს იუსტიციის სამინისტროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სარჩელს ჩემს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც პირველ წრეზე იმავე უზენაესმა სასამართლომ, იგივე საქმე არ მიიღო წარმოებაში ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელობის არქონის გამო, თუმცა ამჯერად იუსტიციის სამინისტროს სხვა შედეგი ჭირდებოდა და საქმე დაეწერა უკვე მათთვის ლოიალურ პირს, მოსამართლე როინიშვილს, რომლის ფეისბუქ გვერდზე შესვლისას პირველი, რასაც ვკითხულობთ, ის გახლავთ, რომ ის წარსულში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და დიდი ალბათობით ნიკოლოზ აზნაურაშვილიც და მიხეილ სარჯველაძეც მისი კარგი მეგობრები არიან.

აღნიშნულმა მოსამართლემ ზეპირი მოსმენაც კი არ გამართა, ჩემი არგუმენტებისთვის რომ მოესმინა, ისე დაუკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მათ მიერ წარდგენილი საჩივარი.

ამ წლების მანძილზე როგორც უკვე იცით მე საადვოკატო საქმიანობაში გადავერთე და სახელმწიფოსთვის კიდევ უფრო მიუღებელი, „პერსონა ნონ გრატა“ გავხდი თუნდაც როგორც „ციანიდის“ საქმეზე ადვოკატი, ხელისუფლებისადმი კრიტიკით და იმ ამბის გამო, რომ გიორგი მამალაძის საკითხზე სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის ერთ-ერთი ადრესატი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია დეკანოზის საქმეზე მისი საოცარი განცხადებების გამო, რომლითაც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ასევე მხოლოდ მე არ ვარ ჩვენი ოჯახიდან სახელმწიფოს მხრიდან დევნის საგანი და მიუღებელი ელემენტია ჩემი მეუღლე გიორგი ფანცულაია, რომელიც გარდა ციანიდისა, შპს „ომეგას“ სხვა არაერთ გახმაურებუოლ საქმეზე უპირისპირდებოდა არსებულ სისტემას, არსებული სისტემა კი არ პატიობს მისადმი წინააღმდეგობას.

ვასილ როინიშვილის მხრიდან ჩემს საქმეზე ამ საოცარი გადაწყვეტილების მიღებას, რაც მანამდე ჩატარებულ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რამდენიმე დღეში მოყვა მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენა, ამჯერად უკვე სამუდამოდ. კარგ შემსრულებელს სახელმწიფოს წინაშე ლოიალობა აშკარად კარგად დაუფასდა და მოგილოცავ საქართველო, კიდევ ერთი უკანონო ბრძანებების შემსრულებელი, სისტემის ხელის ბიჭი სამუდამოდ მოირგებს ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ორგანოს მსაჯულის მანტიას. ხვალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი მოსმენაა დაგეგმილი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს სახალხო დამცველმა ამ საკითხზე დაადგინა ჩემი უფლებების დარღვევა. კერძოდ 2016 წლის 22 აგვისტოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გამოსცა რეკომენდაცია N04-5/9643, რომელშიც ვკითხულობთ: „სსიპ არსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 მაისს გამოცემული N2143 ბრძანების და მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიმაჩნია, რომ მია ზოიძისთვის პასუხისმგებლობის სახით სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რითაც შეილახა მია ზოიძის უფლებები“. ასევე მანამდე ყველა ინსტანციამ და ყველა სასამართლომ ერთხმად აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უხეშად შეილახა ჩემი უფლებები, დიდი მადლობა ყოფილ სახალხო დამცველს და ყველა იმ მოსამართლეს, რომლებზეც გავლენა ვერ მოახდინეს იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, თუმცა როცა სახელმწიფოს ჭირდება ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ და ლოიალურობის დასამტკიცებლად ნებისმიერ უკანონობას მოაწერს ხელს.

რა თქმა უნდა ეს ამბავი აქ არ სრულდება და აუცილებლად გაგრძელდება სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა მანამდე გიხაროდენ საქართველოვ! კლანს მალე შესაძლოა კიდევ ერთი ღირსეული გამგრძელებელი ვასილ როინიშვილი შეემატოს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა