ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის

საქართველოს პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ პროპორციულობის პრინციპით.

„მათ უკან დგას დღეს ორასი აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად ადეკვატურია ასეთი მობილიზება ორასი აქტივისტისთვის, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია.

„იმისათვის, რომ სხვა უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, პრევენციული ზომებია მიღებული. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს პარლამენტის მუშაობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს პრაქტიკა, 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის პრაქტიკა, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა