ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?!

როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?! ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამოხატვის თავისუფლება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე პოლიტიკური პარტიის თუ პარტიის წარმომადგენლების კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს უნდა იყოს აუცილებლად კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ნებისმიერი გადახვევა კანონიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის ჩვენი მხრიდან ცალსახა პოზიცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის რომელიმე სახელმწიფში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი მეთოდებით, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ - პიკეტირების მცდელობა მოხდეს კონგრესის შენობის, თუ სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტის შენობების. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი ანტიევროპული ქმედებები, მიუღებელია.

როგორც მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსავალი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაელოდონ არჩევნებს, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს.

„ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც ნორმალური ევროპული სახელმწიფო და ეს უკვე დავადასტურეთ და ამ მიმართულებით მივდივართ, რომ ვიყოთ ევროპის ამ დიდი ცივილური გაერთიანების მომავალი წევრი - ჩვენ გავხდით ასოცირებული წევრი, გვაქვს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ყველა ანტიევროპული, ანტიდასავლური ქმედება, რომელიც გამოხატული იქნა ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოსავალი არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი ოპოზიციური პარტიებიდან, უნდა დაელოდოს არჩევნებს. არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის ბედს და არა ცალკეული ვიწრო პარტიული ინტერესებით გაჯერებული დესტრუქციული ადამიანები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს