გია ხუხაშვილი - შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დავაწეროთ „no comment“ და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება

შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დავაწეროთ „no comment“ და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის თქმით, მთელი ინტერვიუ ივანიშვილისთვის დამახასიათებელ სტილში იყო და მან მთელი საქართველო, ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობად“ გამოაცხადა.

„მისთვის დამახასიათებელი კონსტრუქცია იყო. თავიდან გარკვეულწილად სინანული გამოთქვა პრობლემებზე, ძირითადად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შემდეგ მისთვის დამახასიათებელ სტილში სამყარო ორ ნაწილად გაყო. მთელ ინტერვიუს ის ხაზი გასდევდა, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა: კეთილი -„ქართული ოცნება“ და ბოროტი -„ნაციონალური მოძრაობა“. ვინც კეთილ ძალას, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს , ყველა არის ბოროტი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. მან მთელი საქართველო, რომელსაც პრობლემები აქვს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, „ნაციონალურ მოძრაობად“ გამოაცხადა. პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული გადაგდება დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაგდება შეიძლება, დიდი ამბავი თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავაგდეთ. სინამდვილეში, მან „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ არ გადააგდო? - მან გადააგდო მთელი დანარჩენი საქართველო, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედაც რომ კარგად გრძნობს თავს, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის კრიზისის ინიცირება, მათ წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი გუშინდელ ინტერვიუში უხარისხოდ შეეცადა, რომ „მხნეობა შეეტანა თავის ძალიან შეფერთხილი მომხრეების რიგებში, რაც ძალიან ცუდად გამოუვიდა“. ხუხაშვილი ამბობს, რომ გუშინ ივანიშვილი „პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდა“.

„ძალიან ბევრი ისაუბრა ედუარდ შევარდნაძეზე და გვიმტკიცებდა ყველას, რომ მე შევარდნაძე არ ვარ. მას აქვს საფრთხის განცდა, 2003 წლის კადრები უდგას თვალწინ, როგორც ჩანს და ამის ეშინია. მან არცერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ ისაუბრა. ისაუბრა მხოლოდ კეთილ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლაზე ანუ, ის ფაქტობრივად, ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში, თვითიზოლაცია მოახდინა, შექმნა თავისი პარალელური რეალობა და იმ პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, რაც წამყვანმა, არ ვიცი ბოროტი განზრახვა ჰქონდა თუ რა, საჩუქრით დაადასტურა - აჩუქა ორუელის „1984“ , რაც ძალიან მძიმე კონტექსტის მატარებელია ამ რეალობაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებით, რაც შემაშფოთებელი იყო.

„თურმე სამოქალაქო ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, უნდა ამცნოს ამერიკის პრეზიდენტს, რომ საქართველოს და მეტიც, ამერიკის წინააღმდეგ მუშაობენ, რადგან ბიძინა არის თვით ამერიკა. ჯერ აბსურდია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობენ, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მის წინააღმდეგ მუშაობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი უდრის ამერიკას , ე.ი ისინი ამერიკის წინააღმდეგ მუშაობენ, ამ ეპისტოლის დაწერას ვაპირებო. ხომ წარმოგიდგენიათ? ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დავაწეროთ “no comment” და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო