ბექა ნაცვლიშვილი - პოლიტიკურ სარგებელს როგორ ვეძებდი, არ გრცხვენიათ მაინც ამის თქმა?

პოლიტიკურ სარგებელს როგორ ვეძებდი, არ გრცხვენიათ მაინც ამის თქმა? თქვენს გუნდში ვიყავი, რაღაცებს გთავაზობდით და რომ გაგეკეთებინათ ბევრად უფრო უკეთესი ვითარება იქნებოდა,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ.

სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილის აღნიშნული კომენტარი, უმრავლესობის წევრი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც შრომით მიგრაციაზე ისაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსები სპეკულაციაში დაადანაშაულა.

„ბოლო პერიოდში ხშირია, როდესაც პოლიტიკოსები თეთრს-შავად წარმოადგენენ, პროფესიად იქცა სიცრუის ტირაჟირება და კერძო სარგებლის მოპოვება. შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია სპეკულაციები და აქაც იყო, არ გაუშვეს ხელიდან ამის შანსი. ბატონი ბიძინას ნათქვამი, თითქოს აქ არ იმუშაოთ და წადით საზღვარგარეთ (სხვათა შორის შრომით მიგრაციაზე ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დავიწყეთ მუშაობა), არ ნიშნავს, რომ აქ არ დასაქმდნენ და რაც შეიძლება მეტი გავიდეს გარეთ. როცა არ იყო ეს წესრიგში, ხშირად იყო ტრეფიკინგის საშუალება, ამიტომ აუცილებელია, რომ გარე და შრომით მიგრაცია იყოს ლეგალურად კონტროლირებადიც და კანონმდებლობის დონეზეც გამყარებული, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები. შრომითი მიგრაცია არ არის ნეგატივით წარმოსაჩენი, მსოფლიოში მიღებულია, როცა ზოგიერთი მოქალაქე საზღვრებს გარეთ გადის და იქ ეძებს სამუშაოს. მაგალითად, ესტონელები მიდიან ფინეთში, არიან სხვა ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც მეზობელ ქვეყნებში გადადიან სამუშაოდ. სპეკულაციის საგანი ხდება და გვესმის, რომ თითქოს დღეს და ბოლო წლებში უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, ვიდრე აქამდე. სხვათა შორის, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მოაქვთ ხოლმე მტკიცებულებად და ვფიქრობ, უპრიანი იქნება ისევ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით გავაკეთო განმარტება. სწორედ სტატისტიკის მონაცემებით პიკური მაჩვენებელი, როცა ყველაზე მეტი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, იყო 2009-2010-2011 წელი, როცა 30 ათასი, 34 ათასი, 35 ათასი ადამიანი ტოვებდა წელიწადში ქვეყანას, დღეს ეს ციფრი არის ერთნიშნა და აქ ხშირად სპეკულირებენ, რაც აბსოლუტურად არასწორია. მიგრაციული სურათი, დღეს არის გაუმჯობესებული, ვიდრე იყო აქამდე. ამიტომ შეეშვით სპეკულაციას, თუ თქვენ ქვეყნის ბედი გაწუხებთ, ვისაც ეხება მათ გასაგონად ვამბობ, სწორად წარმოაჩინეთ სურათი და არ ეძებოთ მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი. ქვეყნის მომავალი დაიგეგმება მაშინ, როცა რეალობას გაუსწორებთ თვალს და არა იმის ძიებას, ვინ როგორ შემოაღწიოს პარლამენტში და როგორ წარმოაჩინოს შენება ან ნგრევა“,-განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის აღნიშნული განცხადების პასუხად, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ თუ დიმიტრი ხუნდაძემ ის იგულისხმა, მაშინ „ეს იყო სრული დემაგოგია“.

„ჩემთვის არ გიპასუხიათ? კეთილი, მაშინ თქვენ არ გაგცემთ პასუხს, თუ ჩემს მიმართ არ იყო გამოთქმული, რომ მე პოლიტიკურ სარგებელს ვეძებ...პოლიტიკურ სარგებელს როგორ ვეძებდი, არ გრცხვენიათ მაინც ამის თქმა? თქვენს გუნდში ვიყავი, რაღაცებს გთავაზობდით და რომ გაგეკეთებინათ ბევრად უფრო უკეთესი ვითარება იქნებოდა. დღესაც თუ რამეს ვაკრიტიკებ, ალტერნატივას გეუბნებით“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, თუ უნახავს ქვეყანა, სადაც მმართველი გუნდი ხალხს სხვა ქვეყანაში დასაქმებას ჰპირდება და არა საკუთარში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა