„ავერსი“ - წლებია ხელი გვეშლება კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების საჭიროებისამებრ გამოყენებაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს აქვს დაკავებული

წლებია ხელი გვეშლება კომპანია „ავერსის“ საკუთრებაში მყოფი ქონების საჭიროებისამებრ გამოყენებაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს აქვს დაკავებული, - ამის შესახებ „ავერსის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„2012 წლის 8 თებერვლიდან თბილისში მდებარე უძრავი ქონება მის:(ალ. ყაზბეგის ქ. #16) შპს ,,ავერსი–ფარმას“ საკუთრებაშია. ბუნებრივია, კომპანიის ინტერესია ჰქონდეს განვითარებული და მოვლილი ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორია. შედეგად 2012 წლიდან მხოლოდ კეთილმოწყობაზე 3 000 000 ლარზე მეტია დახარჯული, ხოლო ტერიტორიიდან 250 მანქანაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნაგავია გატანილი. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, რაც ასევე მოიცავს სამედიცინო დაწესებულების რეკონსტრუქციას, რემონტს, აპარატურით აღჭურვას და ა.შ. 20 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ტერიტორიის კეთილმოწყობის და განვითარების პროცესი არ დასრულებულა. წლებია ხელი გვეშლება კომპანია „ავერსის“ საკუთრებაში მყოფი ქონების საჭიროებისამებრ გამოყენებაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს აქვს დაკავებული.

წლებია ვითხოვთ ტერიტორიის დაცლას, რათა მესაკუთრეს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრებით სარგებლობის უფლება მიეცეს, თუმცა უშედეგოდ. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია, მიუხედავად არაერთი დაპირებისა და დათქმული ვადისა – ინფექციური საავადმყოფო უკანონოდ დაკავებულ ფართს არ ცლის. მათ 2019 წლის 1 იანვრიდან უკანონოდ აქვთ დაკავებული კომპანია „ავერსის“ ქონების გარკვეული ნაწილი და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად დღესაც უცნობია კონკრეტული ვადა თუ როდის დაუბრუნებენ კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს.

ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს, ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ყოფნაც კი სახიფათოა, არათუ რაიმე სერვისის მიწოდება/განხორციელება. ცალკე საკითხია თუ რამდენად აკმაყოფილებს ასეთ მდგომარეობაში მყოფი შენობები სამედიცინო დაწესებულებისთვის არსებულ სალიცენზიო მოთხოვნებს.დემონტაჟის უფლებას კომპანია ფლობს და სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია. აღნიშნულის თაობაზე წერილობით ინფორმირებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ადმინისტრაცია. მათ, კანონის დაცვით, დემონტაჟისთვის განსაზღვრული შენობის დასაცლელად გონივრული ვადა მიეცათ და ეს ვადა საკმაოდ დიდი ხნის წინ გავიდა. მოგეხსენებათ, დემონტაჟის ნებართვას განსაზღვრული ვადა აქვს და ჩვენ ვალდებული ვართ დემონტაჟი ამ ვადებში განვახორციელოთ.

ამავდროულად საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულება აშენდება. ასევე არსებული სერვისები გაფართოვდება, რათა საქართველოს მოსახლეობასა და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ“,-ნათქვამია კომპანია „ავერსის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის გარეშე რჩება.

მისივე თქმით, შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, ასევე სახელოსნო და საწყობი.

„მთელ ამ ტერიტორიაზე ჩვენ რამდენიმე კორპუსი გვიკავია, რომელიც 11 500 კვ.მ-დან ჩამოვიდა 7 500 კვ.მ-ზე, ანუ მას შემდეგ, რაც „ავერსმა“ ეს ყველაფერი შეიძინა 4000კვ.მ ჩამოგვეჭრა. „ავერსი“ ამ ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მფლობელია. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ უხდის არენდის თანხას. 11 თვეა ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ავერსს“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს, თუმცა „ავერსი“ ამ ხელშეკრულებას არ აფორმებს. შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, რომელიც სანებართვო პირობებით აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს, ასევე სახელოსნო, რომელიც ინფრასტრუქტურის შენახვას უზრუნველყოფს და საწყობი, სადაც რამდენიმე ათასის ჩამოსაწერი მეტალი და სხვა ინვენტარი გვაქვს. თუ ეს დაინგრევა, ეს ყველაფერი ქუჩაში დარჩება, რადგან ჩვენ ფიზიკურად ფართი არ გაგვაჩნია. ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებაა. სახელმწიფო ახალ საავადმყოფოს აშენებს და მათგან პირობა გვაქვს, რომ სანამ ეს შენობა აშენდება, აქ გაგვაჩერებენ“,- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა