გიგა ბოკერია - ან გონს მოეგებიან და ნაბიჯს გადადგამენ, ან ეს პროტესტი გაგრძელდება და ხელისუფლება თავზე ჩამოემხობათ

ან გონს მოეგებიან და ნაბიჯს გადადგამენ, ან ეს პროტესტი გაგრძელდება და ხელისუფლება თავზე ჩამოემხობათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სთავაზობენ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ნაბიჯი სწორი მიმართულებით უნდა გადადგას.

„ეს რადიკალური პროტესტი არაა ჩვენი არჩევანი. ჩვენი ხომ არ სჯერა ბატონ კობახიძეს და ამ დოკუმენტს ჩვენ გავაგზავნით ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. იქიდან მჯერა და მწამს, რომ ჩამოვა ძალიან კონკრეტული დასკვნა“, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, "შენების მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ა.შ.

პარტიების ლიდერებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მათი განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ეუთო-საც გადაეგზავნება, დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტშიც შეიტანენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა