ეკა ბესელია - ნურავინ ჩათვლის, რომ კობახიძე სწორად კითხულობს კონსტიტუციას, ნამდვილად არ კითხულობს სწორად - ისე კითხულობს, როგორც უნდა

ნურავინ ჩათვლის, რომ კობახიძე სწორად კითხულობს კონსტიტუციას. ნამდვილად არ კითხულობს სწორად, ისე კითხულობს, როგორც უნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სთავაზობენ.

როგორც ბესელია აცხადებს, კონსტიტუციაში წერია, რომ მანდატების განაწილების წესი დგინდება კანონით და ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტში სწორედ მანდატების განაწილების წესის შეცვლაზეა საუბარი. ბესელიას თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი არის გამოსავალი და მას არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება.

„ჩვენ გერმანიაში არ ვატარებთ არჩევნებს, ვატარებთ საქართველოში, ამიტომ ეს სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაძლებელია მანდატების განაწილების წესი შეიცვალოს და დადგინდეს სხვა წესი. თუ სიჯიუტეს თავს დაანებებს მთავრობა, დაინახავს, რომ ეს შესაძლებელია. თუ ყველაფერზე უნდა თქვას, რომ არ მინდა, მაშინ „შეაყარე კედელს ცერცვი“.

კანონში შესატან ცვლილებებს ვთავაზობთ, რომელიც გერმანული მოდელის პრინციპს ეფუძნება, მაგრამ არის მოდიფიცირებული და სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. მხოლოდ იცვლება პროპორციული მანდატის განაწილების წესი, რაოდენობა იგივე რჩება, მაგრამ მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით დავაზღვევთ იმ რისკებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს თუ ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები“,-აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, "შენების მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ა.შ.

შემოთავაზებული მოდელით, პარტია ან საარჩევნო ბლოკი პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს ვერ აიღებს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში), რამდენი პროცენტიც აქვს აღებული არჩევნებში. გარდა ამისა, იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, სადაც გაიმართება მაჟორიტარული წესით არჩევნები. ოლქებში მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 8.

პარტიების ლიდერებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მათი განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ეუთოსაც გადაეგზავნება, დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტშიც შეიტანენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა