ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე - ახლა ისეთ კომენტარებს გააკეთებენ კობახიძე და წულუკიანი, ამ შეხვედრას დღესვე ჩაშლიან

ელემენტარული ზრდილობაა, სტუმრად როდესაც ვინმეს ეპატიჟები, წინასწარ არ უთხრა, რომ უარით გაგისტუმრებო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ხვალ დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის დიალოგის მომხრეა.

„თუ წულუკიანი და კობახიძე გააგრძლებენ განცხადებების კეთებას, რომ იქ გვეპატიჟებიან ელჩების ხათრით, რათა დაგვარიგონ, რომ ეს არაკონსტიტუციური მოდელია, ეს შეხვედრა ჩაიშლება. ელემენტარული ზრდილობაა, სტუმრად როდესაც ვინმეს ეპატიჟები, წინასწარ არ უთხრა, რომ უარით გაგისტუმრებო. გავიგეთ, რომ პოლიტიკური ანა-ბანა უნდა ვასწავლოთ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა ზრდილობაც თუ უნდა მესწავლებინა და ელემენტარული წესებიც, რომ როცა სტუმრად ეპატიჟები, როგორ უნდა მოიქცე, ეს აღარ ვიცოდი. ახლა ისეთ კომენტარებს გააკეთებენ ბატონი კობახიძე და ქალბატონი წულუკიანი, ამ შეხვედრას დღესვე ჩაშლიან“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ სხვებს აქვთ სურვილი, რომ ეს შეხვედრა შედგეს.

„თუ ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ გვეძახიან, რომ დიპლომატებთან ქულა ჩაიწერონ, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. თუ ამ შეხვედრაზე გვეპატიჟებიან იმისთვის, რომ განხილვა შედგეს და არის სურვილი, რომ გამოსავალი იქნას ნაპოვნი, ეს უკვე გონივრული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

„საკითხი არის ძალიან ნათელი. იმდენად ცხადია წინააღმდეგობა ე.წ. გერმანულ მოდელსა და საქართველოს კონსტიტუციას შორის, რომ ერთადერთი დამატებით ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ამ ახსნის საშუალება გვქონდა ჩვენ გასული დღეების განმავლობაში, საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას და ბუნებრივია, ამაზეც გვექნება პოზიციების გაცვლა. სხვა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება