1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება

1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყანაში აივ/შიდსის მხრივ არსებული მდგომარეობა, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.

საქართველო უკვე 28-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. საქართველო გამოდის დევიზით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“

ინფორმაციის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით.

„2015 წლიდან საქართველომ პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს იმას, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.

აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი სადღეისოდ მთავარი გამოწვევაა საქართველოში. ქვეყანაში აივ/შიდსით პაციენტების მხოლოდ 59%-ია გამოვლენილი. ასევე, სერიოზული გამოწვევაა აივ/შიდსით პაციენტების გვიანი გამოვლენა.

პრაქტიკულად უკვე სრულდება არვ(ანტირეტროვირუსული) მკურნალობით მოცვისა (86%) და ვირუსის სუპრესიის (91%) სამიზნეები. შესასრულებელია გამოვლენასთან დაკავშირებული სამიზნე, სადაც სერიოზული ჩამორჩენაა.

აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესება შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით: აივ/შიდსზე და С ჰეპატიტზე ტესტირების ინტეგრირება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; აივ/შიდსზე რუტინული ტესტირების დანერგვა ჰოსპიტალურ სექტორში; კლინიკური ნიშნებითა და სარისკო ქცევების მიხედვით ტესტირების უკვე არსებული პროგრამების გაფართოება ჯანდაცვისა და სამოქალაქო სექტორში; თვით-ტესტირების ფართოდ დანერგვა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 - ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4197 ავადმყოფს და 1626 გარდაიცვალა. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა.

როგორც შიდსის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ იქნას მიპყრობილი ქვეყნის მთავრობის და მთლიანად საზოგადოების ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემას და კიდევ ერთხელ მოხდეს გაცნობიერება აივ/შიდსის რეალური საფრთხის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა