არჩილ თალაკვაძე - გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ

თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძე განმარტავს, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გერმანული მოდელი“ ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის.

„მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთი წლის წინ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სურვილი, შეცვლილიყო პროპორციული არჩევნების თარიღი 2024 წლიდან 2020 წლამდე, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში, ქვეყნის პარლამენტი იღებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, რა თქმა უნდა, ჩვენც გულდაწყვეტილები ვართ, რომ ასეთი გადასვლა ვერ მოხდა, თუმცა, ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ რასაც ვგეგმავთ, არის ის, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ მას აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ. გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ. დღეს, კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან. ამაზე მომდევნო კონსულტაციებში შესაძლოა, კიდევ დავხარჯოთ დრო. ჩვენ თავიდანვე რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პროცესს, დავუბრუნდეთ პოლიტიკურ განხილვებს და დისკუსიებს, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვიქნებით მომავალშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა