გიორგი ვაშაძე - ყველანი ერთად ჩავალთ ქუთაისში მომდევნო კვირას და ნახავთ,  რამდენი ვართ და რამდენს ამოუვიდა  თქვენი უკანონობა ყელში

ქუთაისში კიდევ ერთხელ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ნათელი სახე. კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა საღებავებით დააზიანეს,-ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძემ მედიას კადრები აჩვენა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისის შენობის შეღებილი ფასადი ჩანს.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივებმა პატრულიც გამოიძახეს და სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. ვაშაძის განცხადებით, მერიის თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს, უნდა იყვნენ დაპატიმრებული.

„დღეს, ქუთაისში კიდევ ერთხელ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ნათელი სახე. პოლიციის კორდონით გადაადგილდებოდა ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა გაერთანებული ოპოზიციის ოფისს და მე აქ მაქვს წარმოდგენილი კადრები, როგორ დააზიანეს ისტორიული და კუტლურული ძეგლი ამ ადამიანებმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ხაზს ვუსვამ, კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი საღებავებით დააზიანეს „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა. სულ რამდენიმე ადამიანი აქტიურობდა და დანარჩენი ხალხი იძულებით მიიყვანეს ოფისთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხარო და საგანგაშოა ის, რომ პოლიციას დავალება აქვს მიცემული, კორიდორი გაუკეთონ და კომფორტი შეუქმნან ამ ადამიანებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინონ. მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენ, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის სწორედ ეს არის განსხვავება, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი არაძალადობრივი პროცესი, ისინი არიან მოძალადეები, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს და საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. ჩვენ მშვიდობიანად, არაძალადობრივი ფორმით მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტყუილზე ხელი აიღოს. ისინი ძალადობენ ადამიანებზე და ასეთ ვანდალიზმს ჩადიან“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან სამართალდამცველებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ უკანონობის ჩადენას ავალებენ.

„მოდით, ერთხელ მაინც დავსვათ კითხვა, ეს რომ ოპოზიციის მხარდამჭერს ჩაედინა, რამდენი ადამიანი იქნებოდა დაპატიმრებული დღეს? ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი აქტივისტები დღესაც არიან დაპატიმრებული სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი პროტესტის გამო, იმისთვის, რომ ლობიანი მიუტანა „ქართული ოცნების“ წევრებს ოფისში და ამ ადამიანებმა, რომლებმაც მართლაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს დღეს, ჩაიდინეს პოლიციის დახმარებით, პოლიციის მხარდაჭერით... მინდა მივმართო პოლიციელებს, ბიჭებო, თქვენ გავალებენ უკანონობას და თქვენი უფროსები და ხელმძღვანელები თბილ კაბინეტებში არიან გამოკეტილები და სხედან სკამებზე და უნდათ, რომ თქვენით გაიტანონ ეს ყველაფერი. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ხალხო, ეს არის საქმე? შეიძლება ხელისუფლებაში ძალა გყავდეს, რომლის ქუთაისის მერიაში მომუშავე თანამდებობის პირები თავისივე ხელით ასეთ ქმედებას სჩადიოდეს. ხალხო, ეს რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენგან ერთადერთ პასუხს მიიღებს, მშვიდობიან არაძალადობრივ პროცესს. პირობას გაძლევთ, ყველანი ერთად ჩავალთ ქუთაისში მომდევნო კვირას და ნახავთ, რამდენი ვართ და რამდენს ამოუვიდა თქვენი უკანონობა ყელში“,-განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო