ნებისმიერი შეხლა-შემოხლა, ჯახი, ადამიანების გარკვეული ჯგუფის გამოსვლა, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ინტერპრენსიუსთან“ საუბრისას ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს.
პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში რევოლუციური სცენარი დგას და სურს პარტიებს შორის კრიზისი საზოგადოებაში გადავიდეს. მისივე თქმით, ამ საკითხების განხილვისას, ყურადღებას არავინ ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანები რომლებიც ოპოზიციის წინააღნდეგ გამოდიან, სწორედ ისინი არიან, ვის კისერზეც „რეჟიმმა გადაიარა“.
„საერთოდ, ეს ბლოკირება, თავდასხმა არის კანონდარღვევა და პოლიცია მოქმედებს შესაბამისად, ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ ისინი. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც სადღაც მუშაობს, მათ, რა უნდათ - უმუშევრები იყვნენ? ზოგი შეიძლება მართლაც მუშაობს, სტუდენტია, ბიზნესმენია და ოპოზიციას უნდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების გადატანა იმაზე, თუ რა კატეგორიის ხალხი არის გამოსული მათი ოფისების საწინააღმდეგოდ, თუნდაც ცოცხების - მათი სიმბოლოს დემონტრირებით, მაგრამ რეალურად, შინაარსზე არ აკეთებს არავინ ყურადღებას - განა ცოტა იყო ადამიანი, რომელთა კისერზე გადაიარა სასტიკმა რეჟიმმა, რომელსაც ის ხალხი წარმოადგენს, ვინც ახლა ოფისებში ზის ან ბლოკირებას აკეთებს სახელმწიფო დაწესებულებების. მე არავის ვამართლებ, კანონდარღვევა აბსოლუტურად დაუშვებელია,“- აცხადებს გია ვოლსკი.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ქუთაისში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიცია უმოქმედო იყო და ამ დროის მონაცემებით, დაკავებული არავინაა, გია ვოლსკი პასუხობს, რომ რასაც ისინი აცხადებენ, ეს ფაქტი არ არის.
„ისინი რას აცხადებენ ერთია და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მე პასუხი რატომ უნდა გაგცეთ? აგერ სატელევიზიო გადაცემებია, თქვენი კორესპონდენტი გყავთ, დაასახელეთ ადამიანი, ვინც კანონი დააღვია, გადასცდა მას, ფიზიკური ზემოქმედება მოახდინა, ან პოლიციელს ჩაარტყა თავში. ვაშაძე მაგალითად, როცა პოლიციელს ურტყამს და პასუხს არ თხოვენ, გაჩერებულია ბევრი, მათ შორის სახალხო დამცველიც. მე არც არავის ადვოკატი არ ვარ. თუ ვინმე ჩვენი მომხრეა, იმათ მოვუწოდებთ, რომ ნუ წავლენ იმ სცენარით, რაც „ნაციონალურ მოძრაობის“ გეგმას აღასრულებს და მეორე საკითხი, აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს. ადამიანები არიან, ვინც არც არავის მხარდამჭერია, არც არავის ხათრით გამოდის. თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს - ადამიანები ინდივიდები არიან, მათი გამოსვლა იმან კი არ განაპირობა, რომ „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს ამას, კარგად დაუფიქრდით ამას. ხალხში შემოდის ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ უკეთებს ამას ორგანიზებას, ამ დროს პირიქით, ყველას მოვუწოდებთ, რომ თემა - რასაც ჰქვია ჯახი საზოგადოების, არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, აკეთებს და უკეთებს ამას სერიოზულ ორგანიზებას - მე ვფიქრობ, გარკვეული თანხებითაც, რომელიც ალბათ, მოსაძიებელია, როგორი გზებით მოსდით და როგორ შეუძლიათ ამის ორგანიზება, რაც სერიოზული კანონდარღვევაა,“- აცხადებს გია ვოლსკი.