დავით უსუფაშვილი - სრულიად აშკარაა, რომ ნიკა მელიას საქმეზე  მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია

სრულიად აშკარაა, რომ აქ მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მოძრაობა „შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, წლების შემდეგ „ქართუ ბანკის“ საქმის ახლა განხილვა ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკური გეგმის ნაწილია.

„რა ისეთი სირთულის საქმე იყო ეს , რომ ამ 7 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა მისი გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღება? თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, რაც ხდება კონკრეტულად მელიას გარშემო და ხელისუფლების პოლიტიკის თაობაზე, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების დრო და კონტექსტი რბილად, რომ ვთქვათ ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, რომ ესაა პოლიტიკური გეგმის ნაწილად განხორციელებული მართლმსაჯულება. 20 ივნისის მოვლენების შემდგომი პერიოდი, ის დაუსრულებელი გამოძიება და გაურკვეველი ვითარება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიკა მელიასთვის პარლამენტში იმუნიტეტის მოხსნის მცდელობისას, მივუთითებდი ბევრ დარღვევაზე ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლის და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო