გია ხუხაშვილი ნიკა მელიას განაჩენზე - ეს არის ტრაგედია, კომპრომატით მართული ქვეყანა ვერანაირ პოზიტივს ვერ შექმნის

2019 წელს 7 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე ვერდიქტის გამოტანა არის სრული აბსურდი, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ოპოზიციისა და თავისი თანაგუნდელების წინააღმდეგ შეგროვებული კომპრომატებით მართავს.

„2012 წელს მე “ქართულ ოცნებაში” ვიყავი და კარგად ვხედავდი, როგორ იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტს მაშინდელი ხელისუფლება იმისთვის, რომ პრობლემები შეექმნა „ქართული ოცნებისთვის“. „ქართუ ბანკის“ ისტორია პოლიტიკური შეტევის ინსტრუმენტი იყო მთლიანობაში. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი, იყო ფულის გათეთრების საქმის აღძვრა და ბევრი რამ ხდებოდა. პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა „ქართუ ბანკზე“ სრულიად ცალსახა იყო და პოლიტიკური დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, შეიცავდა ეს ყველაფერი. ამ კონკრეტულ განაჩენზე სამართლებრივი შეფასებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ, რადგან დეტალები არ ვიცი, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც დღეს იკვეთება არის ის, რომ ხელისუფალი ცდილობს ქვეყანა მართოს კომპრომატებით. მართლმსაჯულების ინტერესებში კი არ ხდება ის, რაც ხდება, არამედ მისთვის ძალიან მოსახერხებელია ადამიანების კომპრომეტირება, მათი დოსიეს შექმნა და ამის ამუშავება მაშინ, როდესაც შეიძლება მას პოლიტიკური პრობლემა შეექმნას. ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი ნიკა მელია არ იყო, ეროვნული ბანკიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ისევე, როგორც „თიბისის“ საქმეს კერავენ ახლა. „ქართუ“ ბანკზე შეტევა ვინც დაიწყო, ისევ საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები. ბიძინა ივანიშვილმა ააშენა აბსოლუტურად მანკიერი სისტემა. ის კარგად გრძნობს თავს კომპრომეტირებული ადამიანების გარემოცვაში. მას მიაჩნია, რომ თუ ადამიანზე აქვს კომპრომატი, ის ადამიანი ჩუმად იქნება, ნაკლებ პრობლემას შეუქმნის და ბევრად უფრო მარტივი სამართავი იქნება სისტემები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ვინმე ურჩობას დაიწყებს, ბიძინა ივანიშვილი გადმოიღებს დოსიეს და ჩართავს საქმეს.

„2019 წელს, 7 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე ვერდიქტის გამოტანა, არის სრული აბსურდი. მის გარემოცვაში აღარავინ დარჩა ისეთი, ვისზეც მას არა აქვს კონკრეტული მექანიზმი საჭირო მომენტში ჩასართავად. როდესაც ქვეყანა კომპრომატებით იმართება, ამ ყველაფერს უდის კრიმინალური სუნი. როდესაც მელიამ ზედმეტი აქტიურობა გამოავლინა, გადაწმინდეს მტვერი ამ საქმიდან და ამოაგდეს. პროცესებისგან მისი ჩამოშორება ამ ფორმით ვერ მოხდება. მელია დეპუტატი იქნება თუ არა, ეს ვერ შეზღუდავს მის პოლიტიკურ აქტიურობას.

ეს საქმე არის სამაგალითო სისტემის შიგნით მყოფი ადამიანებისთვის, რომ ყველა წყნარად იყოს, რადგან ყველაზე აქვს კომპრომატი და მასზეც მოხდება იგივე. ერთი მხრივ, ეს არის მელიას წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ ამასთანავე არის გზავნილი სისტემისთვის. ბიძინა ყველას ეუბნება, რომ თქვენზე, ყველაზე მაქვს კომპრომატი, ამიტომ ერთი ადგილი დააყენეთ, ენა ჩაიგდეთ და იჯექით ჩუმად. სამწუხაროდ, ასეთი კომპრომატები ბევრზე არსებობს და ისინი ჩუმად ამიტომ არიან, ამაში არა მარტო ყოფილი ხელისუფლების წევრებს, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვგულისხმობ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ სხვა პირების წინააღმდეგაც გამოიყენოს დაგროვებული კომპრომატები.

„თუ ვინმე ეურჩება, ბუნებრივია, ეს კომპრომატები ამოიყრება. თუმცა, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ბევრი ადამიანი ჩუმად იქნება და კომპრომატის ამოყრას მოერიდება. ეს არის ტრაგედია, კომპრომატით მართული ქვეყანა ვერანაირ პოზიტივს ვერ შექმნის და ვერასდროს განვითარდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ბანკი "ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა