დიმიტრი ხუნდაძე - ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ მცხეთას და დღესაც აპირებენ, შემიძლია შევთავაზო საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება - ბევრ სიახლეს ვაჩვენებ

ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ მცხეთას და დღესაც აპირებენ, შემიძლია შევთავაზო საკუთარი ტრანსპორტით კომფორტულად მომსახურება, მცხეთაში ძალიან ბევრ სიახლეს ვაჩვენებ, ვპირდები ეს მათთვისაც გასაკვირი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან მცხეთაში, მის ბიუროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გუშინ გამართულ აქციას და კონტრაქციას და განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია და აურზაურს არავინ დაუშვებს. ხუნდაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთი ჯგუფი საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს.

„სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს კონსტიტუციური წესრიგი დამყარებული, არავინ დაუშვებს აურზაურს. თუმცა, ერთი ჯგუფი ოპოზიციონერი წარმომადგენლების წინა ხაზზე გამოსული ახალგაზრდების, საკმაოდ აგრესიულად იქცევა. ესტუმრნენ მცხეთას და ქმნიან იქ აჟიოტაჟს. მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მსგავსი სცენის დადგმას აპირებენ დღესაც მცხეთაში. მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, უარი თქვან ძალადობაზე. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ სტუმრობდნენ და დღესაც აპირებენ სტუმრობას, შემიძლია შევთავაზო ერთი რამ, საკუთარი ტრანსპორტით მოვემსახურო კომფორტულად და ვაჩვენებ მცხეთაში ძალიან ბევრ სიახლეს, ვპირდები ეს მათთვისაც გასაკვირი იქნება, კარგი გაგებით, თუ ისურვებენ, რომ ეს დაინახონ.

ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. მინდა უფროსებს მოვუწოდო და თუნდაც მოვთხოვოთ, რომ ახალგაზრდებს ნუ აქეზებენ, რომ საკუთარ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მათ ზურგს უკან ნახონ სარგებელი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს