აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ურბანული გარემოს გაუმჯობესების სამუშაოების დასაწყებად 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB), მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის (ექვივალენტი ევროში) სესხი დაამტკიცა პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს ქალაქებს ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბანკის სტრატეგიის ნაწილია და განვითარებადი წევრი ქვეყნების ქალაქების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა არათანაბრად მიმდინარეობდა, რამაც სამუშაო ადგილების პოვნისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის დიდი ნაწილის რაიონული ცენტრებიდან თბილისში მიგრაცია გამოიწვია. დღეს ეროვნული შიდა პროდუქტის 70% თბილისზე მოდის და დედაქალაქში ქვეყნის ურბანული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. აღნიშნული სესხი საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს დაიწყოს ტექნიკური მოკვლევითი ანალიზი, დაგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაატაროს სხვა მოსამზადებელი სამუშაოები ADB-ის „საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირების“ პროგრამისთვის, რომლის დაწყება 2020 წლის მიწურულს იგეგმება. პროგრამის მიზანია საქართველოს ურბანული გარემოს ინფრასტრუქტურისა და მობილობის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარება განსაკუთრებით ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსახლეობისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის. ასევე პროგრამის მიზანია საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა, რასაც ADB ოთხ რეგიონულ ტურისტულ კლასტერში ინვესტირებით გეგმავს. ეს მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს, ინვესტიციებს ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ზუგდიდსა და მესტია-უშგულში და მეტ ინფრასტრუქტურულ განვითარებას დედაქალაქში. გასულ წელს საქართველოს 3.5 მილიონი ტურისტი ეწვია და 2028 წლისათვის ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან“, - აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

როგორც ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ურბანული განვითარების სპეციალისტმა რამოლა ნაიკ სინგრუმ განაცხადა, “ქალაქების მდგრადი განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ქალაქების მდგრადი განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია და ის ასევე დაეხმარება ქვეყანას სრულად გამოიყენოს თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალი,“- განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ურბანული განვითარების სპეციალისტმა რამოლა ნაიკ სინგრუმ.

მისივე თქმით, „ეს სესხი მთავრობას საშუალებას მისცემს დაიწყოს უმნიშვნელოვანესი მოსამზადებელი სამუშაოები მისი მიზნების განხორციელებისთვის, რაც მოიცავს საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციას და მათზე წვდომის გაუმჯობესებას, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას.“

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს