ფოთის პორტში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა

ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O'Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.

ფოთში, გემიდან ხორბლის დაცლის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

„მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. ერთი მხრივ, საქართველომ ხარისხიანი ხორბალი მიიღო, მეორე მხრივ კი, ხორბლის მონეტიზების შემდეგ, თანხები მთლიანად მიმართული იქნება საქართველოს მეცხოველეობის განვითარებისთვის. ოპერატიულად განხორციელდა ტვირთის შემოტანა, დაცლა, აწონვა, ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს არის საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. მომავალი წლის დასაწყისში ამერიკიდან კიდევ შემოვა ხორბალი, რომელიც ღია, გამჭვირვალე, საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით მიეწოდება საქართველოს წისქვილ-კომბინატებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემოტანილი ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მაღალია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა აღნიშნა, ამერიკული ხორბლის საქართველოში შემოტანა ბაზრების დივერსიფიკაციის წარმატებული მაგალითია.

„მოხარულები ვართ სტრატეგიულ პარტნიორთან ხორბლის იმპორტის მიმართულებით თანამშრომლობით, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ქეთევან კუბლაშვილმა.

ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოვიდა. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში" დაბინავდა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა