ირაკლი აბესაძე - პარლამენტის პიკეტირებაც და ძალიან მწვავე აქციებიც გაგრძელდება

ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა არის უცვლელი - სტაბილური და ძალიან მწვავე პროტესტი ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, 6 დეკემბერს, ქუთაისში ოპოზიცია აქციას გამართავს და პარალელურად, თბილისში გაგრძელდება ის აქციები, რომელიც „მმართველი გუნდის დეპუტატებს დისკომფორტს უქმნის“.

„ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა არის უცვლელი - სტაბილური და ძალიან მწვავე პროტესტი ხელისუფლებას, ეს იქნება დიდი აქციების სახით, როგორიც პარასკევს იქნება ქუთაისში, სადაც იმერეთის მოსახლეობა შეიკრიბება და გააპროტესტებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან, ივანიშვილის მხრიდან, მათ „გადაგდებას“ და მოტყუებს. ასევე, გაგრძელდება ის აქციები, რომლებიც განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის ჩვენს კოლეგა დეპუტატებს, ეს იქნება პარლამენტში შესვლა თუ სხვადასხვა საჯარო სივრცეში გამოჩენა. ეს ადამიანები მუდმივად იგრძნობენ, რომ მათი ტყუილი საზოგადოების მხრიდან დასჯადია და არავინ აპირებს, შეარჩინოს მათ საზოგადოების ასეთი „გადაგდება“, არავინ აპირებს შეარჩინოს მათ ხელისუფლების მიტაცების მცდელობა, რომელიც მთლიანად კლავს ქვეყნის ნორმალური განვითარების პერსპექტივას. მოთხოვნა ძალიან მარტივია, საზოგადოება ითხოვს სამართლიანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, შემდგომ არჩევნებზე გამოჩნდება, ვის მეტი მხარდაჭერა აქვს. როდესაც ამას უძალიანდება „ქართული ოცნება“, ეს პირდაპირი ნიშანია, რომ მათ აღარანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის პიკეტირებას ყველა იმ სხდომის დროს მოახდენენ, სადაც მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ იქნება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების დროსაც.

„პარლამენტის პიკეტირებაც და ძალიან მწვავე აქციებიც გაგრძელდება, სადაც პარლამენტარები შეიკრიბებიან და შეეცდებიან, საზოგადოებისთვის მავნე გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად, როგორიცაა უახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იმ ადამიანების დამტკიცება, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მორჩილებაში არიან „ქართულ ოცნებასთან“ და ივანიშვილისგან პოლიტიკურად დავალებულები არიან. პიკეტირება გაგრძელდება ყველა იმ სხდომის, სადაც არ იქნება მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ასე რომ, მოსვენება, პოლიტიკური გაგებით, ამ ადამიანებს ნამდვილად არ ექნებათ, ვიდრე თვალებს არ გაახელენ და საზოგადოებას თვალს არ გაუსწორებენ“, - აღნიშნა აბესაძემ.

რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს და ამის გამო, პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის მიერ ოპოზიციური გაერთიანების დატოვებას, აბესაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ პრორუსულ პარტიებს არჩევნებში წარმატებას არ უსურვებს, მაგრამ ამ იდეის გარშემო ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ერთიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ პრორუსია და ვინ- პროდასავლური.

„ჩვენ არჩევნებში წარმატებას მხოლოდ პროდასავლურ პარტიებს ვუსურვებთ. რუსეთი არის ქვეყნის მტერი, ოკუპანტი და ქვეყანაში არსებული ყველა მძიმე პრობლემის ერთ-ერთი მთავარი წყარო. სწორედ „ქართული ოცნებაა“ რუსეთის ინტერესების ფაქტობრივი გამტარებელი და პარტნიორი. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნას, ამას პრორუსული პარტია მოითხოვს, პროჩინური, პროევროპული თუ პროამერიკული, ფაქტია, რომ ქვეყნისთვის ეს არის სასარგებლო და აუცილებელი პოლიტიკური რეფორმა, რომლის გარეშე ჩვენი ქვეყანა ნორმალურად ვერ განვითარდება. ამ მოთხოვნას რაც მეტი პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს, როგორი ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ის, სასარგებლოა, მაგრამ პრორუსულ პარტიებს არჩევნებში ჩვენ წარმატებას არ ვუსურვებით და დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებში საბოლოოდ გამარჯვებას პროდასავლური პარტიები მიაღწევენ“, - დასძინა აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო