ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ტურიზმის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის პრეზენტაციაში „ჩამოსვლის მიღმა - ახალი შესაძლებლობები ქართული ფირმებისთვის ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში“ მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი დაესწრო.

მსოფლიო ბანკის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ერთობლივად წარდგენილი ეს ანგარიში მთავრობასთან მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია ტურიზმის პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ამის მიუხედავად, სექტორის უფრო მეტად და მიზნობრივად განვითარებისთვის მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომლის მიზნებსაც საქართველოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხის ამაღლება, ახალი ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების შექმნა და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში უფრო მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორების ჩამოყვანა წარმოადგენს.

„მსოფლიო ბანკის ანგარიში მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისათვის, რომელიც მთავრობამ მსოფლიო ბანკთან კოოპერაციით შექმნა და მეორე მხრივ, ანგარიში შესაძლებლობაა კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორების ჩართულობით დავსახოთ ახალი გამოწვევების დაძლევის გზები,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ორ ცენტრალურ შეკითხვაზე - როგორ ცვლიან ახალი ტენდენციები ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურას და როგორ შეუძლიათ ქართულ ფირმებს ასეთი ცვლილებებიდან სარგებლის მიღება, ასევე რა სახის დარგობრივი პოლიტიკის რეფორმები, ინვესტიციები ან უნარების განვითარებაა საჭირო საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვებში კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ტრადიციული საქმიანობა, როგორიცაა, მაგალითად, კულინარული სერვისები, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, გიდების მომსახურება და სასტუმრო ბიზნესის ტრენინგის დაწესებულებების არსებობა, ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანეს საყრდენ წერტილად დარჩება, მაგრამ, გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად საქართველოს შესაძლებლობა აქვს კონკურენტუნარიანი გახდეს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე განვითარებად მიმართულებებში.

„ქართული კომპანიები მოახერხებენ ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილნი და კონკურენციას გაუწევენ უცხოურ კომპანიებს,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

პრეზენტაციას ტურიზმის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო