ადვოკატი - მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიამ, კახა დამენიამ და ზურაბ იაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის

მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიამ, კახა დამენიამ და ზურაბ იაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ბასილაიას თქმით, თუ პროცესი ობიექტურად ჩატარდება, თავად პროკურატურამ უნდა თქვას ბრალზე უარი.

"თუ ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებით ვიმსჯელებთ, ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს გვარამიას, დამენიას და იაშვილს, ცალსახად არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასითის ურთიერთობების სისხლის სამართლებრივი შეფასება, რაც თავისთავშივე მცდარია. თუ ამ გზით წავა პროკურატურა ან სასამართლო, ნებისმიერი ის ურთიერთობა, რომელიც შეეხება სახელშეკრულებო საფუძვლებით ორ პირს შორის წამოჭრილ გარკვეულ საფუძვლებს, შეიძლება შეფასდეს კრიმინალური თვალსაზრისით და საქართველოში საერთოდ ჩამოიქცეს სამოქალაქო სამართლოს გაგება. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებების საკითხს, იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა პირებმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, სესხის თემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუ ობიექტური პროცესი ჩატარდება, რეალურად თავად პროკურატურამ უნდა თქვას ბრალზე უარი", -განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა